ანექსირებულ ყირიმში რუსული გამანადგურებელი სუ-30 ჩამოვარდა.
ინციდენტი დაგეგმილი სასწავლო ფრენის დროს მოხდა.
ამის შესახებ რუსული მედია რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება.
„დღეს, დაახლოებით დილის 11:00 საათზე, ყირიმის რესპუბლიკაში დაგეგმილი სასწავლო-საწვრთნელი ფრენის დროს „სუ-30“ ტიპის თვითმფრინავი ჩამოვარდა. თვითმფრინავი ფრენას საბრძოლო მასალის გარეშე ახორციელებდა“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ ეკიპაჟმა კატაპულტირება მოახერხა და პილოტებს საფრთხე არ ემუქრებათ. ინციდენტის დამატებითი დეტალები ჯერ არ გავრცელებულა.
მედიის ცნობით, რუსული მრავალფუნქციური გამანადგურებელი Су-30СМ-ის სავარაუდო ღირებულება (მოდიფიკაციისა და კონფიგურაციის მიხედვით) დაახლოებით 50 მილიონი დოლარია.