მოვისმინეთ იმის დადასტურება, რაზეც ვეჭვობდით, რომ ორბანი და სიიარტო პოლიტიკურად დამოკიდებული არიან მოსკოვზე, რთულია ვინმემ რამე უფრო ამაზრზენი წარმოიდგინოს, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა ირლანდიელ კოლეგასთან, მიხოლ მარტინთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. იუწყება The Guardian.
„ის, რაც მოვისმინეთ და რაზეც ვეჭვობდით, მხოლოდ დადასტურებაა ვიქტორ ორბანის მთავრობისა და მისი საგარეო საქმეთა მინისტრის, სიიარტოს, მოსკოვის ხელისუფლებაზე ღრმად შემაშფოთებელი პოლიტიკური დამოკიდებულებისა. დიდი ხანია ასეთი იმედგაცრუების მომგვრელი არაფერი მსმენია.
ეს ჩანაწერები არა მხოლოდ ბუდაპეშტის მთავრობის მოსკოვზე პოლიტიკურ დამოკიდებულებას აჩვენებს, არამედ იმასაც, თუ რამდენად მიუღებელი და უცნაურია ეს ურთიერთობა.
ევროპული ქვეყნის - ევროკავშირის წევრის - საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს დავალების შესრულების შესახებ ანგარიშს აბარებს და მოთმინებას სთხოვს, რადგან იცის, რომ ჯერ კიდევ რამდენიმე დავალება აქვს შესასრულებელი? რთულია ვინმემ რამე უფრო ამაზრზენი წარმოიდგინოს“, - აღნიშნა ტუსკმა.
ამავდროულად, მან ხაზგასმით აღნიშნა: პოლონეთს უყვარს უნგრეთი, პოლონელებს კი უყვართ უნგრელი ხალხი.
"ტრაგედია ის არის, რომ ვიქტორ ორბანის მთავრობამ - რა თქმა უნდა, თავად ორბანმა და მინისტრმა სიიარტომ - ფაქტობრივად დატოვა ევროკავშირი დიდი ხნის წინ", - აღნიშნა ტუსკმა.
თავის მხრივ მიხოლ მარტინმა განაცხადა:
„ვფიქრობ, ეს ძალიან საშიში მოვლენაა. ეს ადასტურებს იმას, რასაც ბევრი ეჭვობდა: უნგრეთის მთავრობა დიდი ხანია ასრულებს რუსეთის დავალებებს ევროკავშირში.
საუბრის პატივისცემით აღსავსე ტონი საგანგაშო იყო და ევროკავშირში ამ ტიპის ქცევის დაფიქსირება მართლაც ძალიან სერიოზული სიტუაციაა და ეს მკაფიოდ მეტყველებს უნგრეთისა და რუსეთის მთავრობას შორის ურთიერთობებზე... ეს მიუღებელია“, - განაცხადა ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა.