ყველა მორწმუნე ადამიანს დღეს აქვს დაობლების შეგრძნება. იმდენად ვგრძნობდით ჩვენ ილია მეორის მამობრივ სიყვარულს, ზრუნვას, ძალას, ღვთის ძალას, რომელიც ვლინდებოდა მის მსახურებაში, რომ ვართ ნამდვილად დაობლებული, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა.
მეუფე შიოს თქმით, ილია მეორის უზარმაზარი ღვაწლიდან ალბათ ერთ-ერთი უმთავრესია, რომ მან ჩაიბარა საქართველოს ეკლესია დევნილ, საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გარიყულ მდგომარეობაში და დაგვიტოვა გაძლიერებული, გამართული ეკლესია, რომელიც უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ქვეყნისა და საზოგადოების ცხოვრებაში.
„ბატონო პრეზიდენტო, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, ბატონო ბიძინა, ყოვლად სამღვდელონო, მეუფენო, მღვდელმთავარნო, პატიოსანო მამანო, დედანო, ძმებო და დებო, დიდია დღეს ჩვენი მწუხარება, სრულიად საქართველოს მწუხარება, მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალების გამო. არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ ყველა მორწმუნე ადამიანს დღეს აქვს დაობლების შეგრძნება. იმდენად ვგრძნობდით ჩვენ მის მამობრივ სიყვარულს, ზრუნვას, ძალას, ღვთის ძალას, რომელიც ვლინდებოდა მის მსახურებაში, რომ ვართ ნამდვილად დაობლებულები. მე პირადად გიზიარებთ ჩემს გრძნობას და განცდას. ვიცი, რომ ჩვენი დები, ძმები, უმრავლესობა ასე განიცდის ამ მოვლენას, მაგრამ გვანუგეშებს ღვთის წყალობა და ის დიდი ღვაწლი, რომელიც მოიღვაწა მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ და ჩვენ დაგვიტოვა.
მრავალი ქვეყნიდან გვწერენ სამძიმრის წერილებში და აღნიშნავენ მის მამობრივ, ამ საოცარ თვისებას, რომელიც ვრცელდებოდა არა მხოლოდ საქართველოზე, არამედ მთელს მსოფლიო მართლმადიდებელ საქრისტიანოზე. ამიტომ ეს დანაკარგი არ არის მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოს საქრისტიანოსთვის. მინდა, მოგისამძიმროთ დღეს ყველას მისი უწმინდესობის გარდაცვალების გამო. მას ჰქონდა საოცარი თვისება, მისი ეს მამობრივი სიყვარული, მასშტაბი, ფიქრი და ლოცვა ეფინებოდა როგორც მთელ საქართველოს, ისე თითოეულ ადამიანს, რომელსაც ოდესმე ჰქონია შეხება მასთან. საოცარი მადლი ჰქონდა, რომ ამ ადამიანებში ახდენდა დიდ ფერიცვალებას და ცხოვრება ჩვენი, ვისაც გვქონია მასთან შეხება, უკეთესობისკენ იცვლებოდა. არ არის შემთხვევითი, რომ მან ღვთივ განისვენა სწორედ დიდი მარხვის, ჯვრის თაყვანისცემის კვირაში, როდესაც ეკლესია თაყვანს სცემს თავგანწირული სიყვარულის ამ უმთავრეს ნიშანს და სიმბოლოს, პატიოსან ცხოველსმყოფელ ჯვარს.
ჩვენი წმინდა სინოდის მიმართვაში იყო აღნიშნული, რომ ეს არის მინიშნება, მისი უწმინდესობის ღვაწლი იყო ჭეშმარიტად მოწამებრივი. მინდა, დავამატო, რომ როგორც უკვე გაიგეთ, მისი დასაფლავება მოხდება კვირას, როდესაც ეკლესია აღნიშნავს იოანე კიბის აღმწერლის ხსენებას და გვმოძღვრავს ჩვენ სულიერი კიბის შესახებ, რომელიც სათნოებათა გზით მიმყვანებელია განღმრთობისკენ და სულის ცხონებისკენ.
შეიძლება ითქვას, არ არის შემთხვევითი, რომ მის უწმინდესობაში და უნეტარესობაში იყო შერწყმული მოწამებრივი გზა და ღვაწლი, სულიერ კიბეზე უმაღლესი საფეხურის მიღწევა, რომელსაც ჩვენ ვხედავდით და ვხედავთ. ეს არის სათნოებები, რომლებიც მან მოიხვეჭა, დიდი სიყვარული, საოცარი სიმდაბლე, მოთმინება, სიბრძნე და სხვა.
შეუძლებელია, დღეს ყველაფერზე ვისაუბროთ, ამ დროს გვინდა, ჩვენი გული სავსეა ემოციებით, ფიქრებით და სიყვარულით, მაგრამ მისი უზარმაზარი ღვაწლიდან ალბათ ერთ-ერთი უმთავრესი არის ის, რომ მან ჩაიბარა საქართველოს ეკლესია დამცრობილ, დაკნინებულ, დევნილ მდგომარეობაში, საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გარიყულ მდგომარეობაში და დაგვიტოვა ჩვენ, მის შვილებს გაძლიერებული, აღშენებული, გამართული ეკლესია, რომელიც დღეს უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ქვეყნისა და საზოგადოების ცხოვრებაში. დიდი სიყვარულით ქედს ვიხრით მისი მამობრივი ღვაწლის წინაშე და მადლობას ვუხდით მას ამისთვის“, – განაცხადა მეუფე შიომ.
მეუფე შიოს თქმით, ძნელია დღეს საქართველოს წარმოდგენა კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარეშე, მაგრამ ის ყოველთვის ჩვენთან არის და ჩვენთან იქნება.
„მწუხარებასთან ერთად, ჩვენი გული ივსება სასოებით და იმედით, რომ უფალი მას მართალთა თანა განუსვენებს ცათა სასუფეველში და მისი სახით, ჩვენ შევიძინეთ კიდევ ერთი დიდი მეოხი, მფარველი ზეციური საქართველოდან, რომელიც შეგვეწევა, რომ გავაგრძელოთ ჩვენი საეკლესიო ცხოვრება, სახელმწიფოებრივი ცხოვრება ისე, როგორც მას სურდა, როგორც დაგვიბარა და გვიანდერძა, რომ შევძლოთ ერთსულოვნება, ურთიერთსიყვარული, ურთიერთშერიგება და იმ ღირებულებებზე საბოლოოდ მყარად დაბრუნება, რომლის აღორძინებასა და გავრცელებაში უდიდესი როლი შეასრულა მისმა ღვაწლმა და ცხოვრებამ.
კიდევ ერთხელ გისამძიმრებთ, ჩემო საყვარელო, ძვირფასო ადამიანებო, მეგობრებო, ღმერთმა შეუნდოს და ცათა სასუფეველი მიანიჭოს, ცათა სასუფეველში დაამკვიდროს მისი უწმინდესობის და უნეტარესობის სული. ჩვენ შეგვაძლებინოს, ღირსეულად აღვასრულოთ ეს დღეები, დაკავშირებული მის დასაფლავებასთან, ღირსეულად შევძლოთ, გავაგრძელოთ ჩვენი ცხოვრება და ვისწავლოთ ცხოვრება მის გარეშე. ძნელია დღეს საქართველოს, ეკლესიის წარმოდგენა კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარეშე, მაგრამ ის ჩვენთან არის და ჩვენთან იქნება ყოველთვის, ამის გვწამს და გვჯერა. ჩვენთან არს ღმერთი“, – აღნიშნა მეუფე შიომ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. პატრიარქის გარდაცვალების გამო საქართველოში გლოვა გამოცხადდა. ილია მეორე საპატრიარქო რეზიდენციიდან სამების საკათედრო ტაძარში სამგლოვიარო მსვლელობით გადაასვენეს. ილია მეორეს 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ.