კავკასიის მედიცინის ცენტრში, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე არის მოთავსებული, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მეუღლესთან ერთად იმყოფება.
"როგორც საზოგადოებამ იცის, ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. რთული მდგომარეობაა, მაგრამ ინტენსიური მკურნალობა მიდის. იმედი უნდა ვიქონიოთ ყველამ, ვილოცოთ, რომ ყველაფერი კარგად დასრულდეს, პატრიარქი ისევ გამოჯანმრთელდეს და დაგვიბრუნდეს", - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
კავკასიის მედიცინის ცენტრში ასევე მივიდა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე.
კავკასიის მედიცინის ცენტრში იმყოფებოდნენ საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი და კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო კავკასიის მედიცინის ცენტრში გვიან ღამით გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, პატრიარქს კუჭიდან მასიური სისხლდენა ჰქონდა, რის გამოც მას შესაბამისი პროცედურები ჩაუტარდა და მოხდა სისხლდენის შეჩერება. როგორც კავკასიის მედიცინის ცენტრში აცხადებენ, ილია მეორე ამ ეტაპზე კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.