„ქართული ოცნება“ შესულია უკიდურეს ჩიხში - თუ გააგრძელებენ სისულელეების კეთებას და მათ შორის, პოლიტიკური პარტიების აკრძალვის სისრულეში მოყვანასაც გეგმავენ, ეს მხოლოდ მათ საერთაშორისო იზოლაციას გააღრმავებს , - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა. მან შეაფასა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადება, პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით სარჩელის კორექტირებასთან დაკავშირებით.
სამადაშვილის თქმით, ეს „ქართული ოცნების“ დასრულებას დააჩქარებს“.
„ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნება“ შესულია უკიდურეს ჩიხში. ვხედავთ, როგორი სასოწარკვეთილები ცდილობენ დაარწმუნონ, უპირველესად, საკუთარი მომხრეები, თითქოს, რაღაც რესურსი აქვთ, რომ საერთაშორისო იზოლაციიდან გამოვიდნენ. ეს იზოლაცია სახიფათო რომ არის საქართველოსა და მისი თითოეულო მოქალაქისთვის, ამას ყველა ხვდება. მათ შორის, ის ხალხი, ვინც თუნდაც, მხარი დაუჭირა „ოცნებას“ წინა არჩევნებზე. თუ ისინი გააგრძელებენ ამ სისულელეების კეთებას და მათ შორის, პოლიტიკური პარტიების აკრძალვის სისრულეში მოყვანასაც გეგმავენ, ეს მხოლოდ მათ საერთაშორისო იზოლაციას გააღრმავებს. ეს რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი იქნება ქვეყნისთვის. ეს მხოლოდ დააჩქარებს იმას, რაც ისედაც გარდაუვალია ჩვენს ქვეყანაში - „ქართული ოცნების“ დასრულება და ქვეყანაში დემოკრატიული მართვის სისტემის აღდგენა, რაც შეიძლება სწრაფად“,- აღნიშნა სამადაშვილმა.