უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ უკრაინისთვის ევროკავშირის დაფინანსების გაცემას დაბლოკავს, ვიდრე კიევი რუსული ნავთობის უნგრეთში მიწოდებისთვის მილსადენ "დრუჟბას" მუშაობას არ აღადგენს.
"არასდროს დავუჭერთ მხარს ბრიუსელის მიერ უკრაინისთვის რაიმე ფინანსური დახმარების გაწევას, სანამ უკრაინელები ნავთობს არ გამოუშვებენ", - თქვა ორბანმა უნგრულ რადიოსადგურ Kossuth-თან ინტერვიუში ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების გამოყოფასთან დაკავშირებით.
ამასთან, მას არ გაუცია გარანტია, რომ მილსადენის ექსპლოატაციის განახლების შემთხვევაში, უკრაინისთვის დაფინანსების გაცემაზე ვეტოს მოხსნიდა.
"არავის, გერმანელებსაც კი არ შეუძლიათ ჩვენგან დადებითი პასუხის მოთხოვნა. [კენჭისყრას] ისე ვუპასუხებთ, როგორც ჩვენს ინტერესებს შეესაბამება", - აღნიშნა ორბანმა.
მან ასევე დასძინა, რომ მისი ვარაუდით, მილსადენს არავითარი ტექნიკური პრობლემა არ აქვს და მისი მუშაობის შეჩერების მიზეზი "სავარაუდოდ, პოლიტიკური გადაწყვეტილებაა".
"უკრაინელებმა გადაწყვიტეს, უნგრეთს შეუწყვიტონ რუსული ნავთობი, რომელიც ჩვენ გვეკუთვნის", - განაცხადა ორბანმა.
მისივე თქმით, არ აპირებს დაემორჩილოს ევროპის გადაწყვეტილებას რუსულ ენერგომომარაგებაზე ემბარგოს დაწესების შესახებ.
"ნათლად უნდა განვაცხადოთ, რომ არ დავემორჩილებით უკრაინის მოთხოვნას, იაფ რუსულ ენერგიაზე უარის თქმასთან დაკავშირებით", - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.