უზენაესმა სასამართლომ „ბათუმელებისა“ და ნეტგაზეთის თანადამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის საჩივარი განსახილველად არ მიიღო - ინფორმაციას გამოცემა „ნეტგაზეთი" ავრცელებს.
„ნეტგაზეთი“ წერს, რომ გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ მიიღო შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე
მერაბ გაბინაშვილი
მამუკა ვასაძემ
მათ გადაწყვეტილება ზეპირი მოსმენის გარეშე მიიღეს.
მზია ამაღლობელის ადვოკატები უზენაესი სასამართლოსგან ითხოვდნენ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებას, მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის გამოტანასა და კონკრეტული საოქმო განჩინებების კანონიერების საკითხის განხილვას.
ამაღლობელის საქმის პროკურორი თორნიკე გოგეშვილი უზენაესი სასამართლოსგან ითხოვდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ცვლილებას და მისთვის ბრალის დამძიმებას. [მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობასა და მისთვის სასჯელის დამძიმებას].
უზენაესი სასამართლოს მიერ საჩივრის წარმოებაში არმიღება ნიშნავს, რომ სასამართლო საერთოდ არ განიხილავს საქმის არსებით მხარეს და ძალაში ტოვებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.
ამ გადაწყვეტილებით, ქართულ სასამართლოში დავა დასრულებულია და მზია ამაღლობელის განაჩენი კანონიერ ძალაშია შესული.