ძალიან ბედნიერი ვარ, როცა ამ შეთანხმებას ვხედავ და ოპოზიციის პასუხისმგებლობის მაღალ ხარისხს ვუყურებ, განსაკუთრებით ციხიდან, - ასე ეხმაურება პარტია “დროას” ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია ოპოზიციური ალიანსის ჩამოყალიბებას.
“კრიტიკული მომენტი დგება რეჟიმთან ბრძოლაში. კრიტიკული მომენტი ინიციატივის აღების, პირველ რიგში, ჩვენი ხალხისთვის და აგრეთვე მთელი მსოფლიოსთვის იმის ჩვენების, რომ საქართველო ბიძინა არ არის. ეს არა კომენტარებით, არამედ საქმით უნდა ვანახოთ. პოლიტიკური კლასის ისტორიული ვალდებულებაა, ეს შევძლოთ. პროდასავლური პარტიების ერთობლივი მუშაობა ინიციატივისა და პასუხისმგებლობის აღების ძალიან სერიოზული წინაპირობაა. ბევრმა სხვა ოპოზიციამ ავტოკრატიულ ქვეყნებში ეს ვერ მოახერხა. ჩვენ დიდი ნაბიჯი გადავდგით წინ ამ შეთანხმებით. თუმცა, ჯერ სიხარული ადრეა და საქმით უნდა ვანახოთ შედეგი, მაგრამ გულწრფელად გეტყვით, ძალიან ბედნიერი ვარ, როცა ამ შეთანხმებას ვხედავ და ოპოზიციის პასუხისმგებლობის მაღალ ხარისხს ვუყურებ, განსაკუთრებით ციხიდან.
არ დავზოგავთ თავს შედეგისთვის!
ბოლომდე!”, - ნათქვამია ელენე ხოშტარიას მიერ წერილში.
შეგახსენებთ, ოპოზიციური პარტიების ნაწილს შორის „ოპოზიციის ალიანსი“ შედგა. დოკუმენტს „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ფედერალისტები“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, „ევროპული საქართველო“ და „თავისუფლების მოედანი“ აწერენ ხელს.