დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა შეერთებულ შტატებს უფლება მისცა, გამოიყენოს ბრიტანული სამხედრო ბაზები ირანის სარაკეტო საწყობებისა და გამშვები სისტემების გასანადგურებლად. ამის შესახებ ნაქვამია ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის განცხადებაში.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ამერიკული ძალების ბრიტანულ ობიექტებზე დაშვების გადაწყვეტილება ვაშინგტონის მიერ კონკრეტული „შეზღუდული თავდაცვითი მიზნის“ მოთხოვნის საპასუხოდ იქნა მიღებული.
„ჩვენ გადავწყვიტეთ, შევასრულოთ ეს მოთხოვნა, რათა თავიდან ავიცილოთ ირანის მიერ რეგიონში რაკეტების გაშვება, უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობა, ბრიტანელების სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება და იმ ქვეყნების დაბომბვა, რომლებიც კონფლიქტში არ მონაწილეობენ,“ - განაცხადა სტარმერმა.
სტარმერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი ოფიციალურად არ უერთდება შეტევით დარტყმებს, თუმცა რეგიონში თავდაცვით მოქმედებებს აგრძელებს.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ახლო აღმოსავლეთში სულ მცირე 200 000 ბრიტანეთის მოქალაქე იმყოფება, რომელთა სიცოცხლეც ირანის „უგუნური“ ქმედებების გამო საფრთხეშია.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ბრიტანული გამანადგურებლები უკვე წარმატებით ახდენენ ირანის საჰაერო სამიზნეების ჩაჭრას, თუმცა საფრთხის სრულად აღმოსაფხვრელად აუცილებელია რაკეტების განადგურება უშუალოდ მათ საწყობებსა და გამშვებ ობიექტებზე.
სტარმერის თქმით, ბრიტანეთის მთავრობა მალე გამოაქვეყნებს ამ ნაბიჯის ოფიციალურ სამართლებრივი დასაბუთებას, რომელიც, სრულად შეესაბამება საერთაშორისო სამართალს.