ბრიტანული თვითმფრინავები დღეს ახლო აღმოსავლეთში, ცაში არიან, როგორც კოორდინირებული რეგიონული თავდაცვითი ოპერაციების ნაწილი, რათა დავიცვათ ჩვენი ხალხი, ჩვენი ინტერესები და ჩვენი მოკავშირეები, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა.
"დღეს დილით ადრე, შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანში მდებარე სამიზნეებზე იერიში მიიტანეს. მას შემდეგ ირანმა რეგიონში განურჩეველი დარტყმები განახორციელა.
ვიცი, რომ ბრიტანელი ხალხი და ქვეყნის მასშტაბით თემები ღრმად შეშფოთებულნი იქნებიან იმით, თუ რას ნიშნავს ეს უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის, ასევე რეგიონში მცხოვრები უდანაშაულო ადამიანების ბედისთვის, რომელთაგან ბევრი მათი მეგობარი და ოჯახის წევრია.
ასე რომ, მიუხედავად იმისა, რომ სიტუაცია ძალიან სწრაფად ვითარდება, მინდა ჩვენი რეაგირების ფორმატი გამოვყო.
გაერთიანებული სამეფო ამ დარტყმებში არ მონაწილეობდა, მაგრამ დიდი ხანია ცხადი იყო, რომ ირანის რეჟიმი სრულიად საზიზღარია.
მათ ათასობით თანამემამულე მოკლეს, სასტიკად ჩაახშეს განსხვავებული აზრი და რეგიონის დესტაბილიზაცია სცადეს.
გაერთიანებულ სამეფოშიც კი, ირანის რეჟიმი პირდაპირ საფრთხეს უქმნის დისიდენტებს და ებრაულ თემს.
მხოლოდ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მათ მხარი დაუჭირეს დიდ ბრიტანეთში 20-ზე მეტ პოტენციურად სასიკვდილო თავდასხმას. ამიტომ, ცხადია, რომ მათ არასდროს არ უნდა მიეცეთ ბირთვული იარაღის შექმნის უფლება. ეს რჩება გაერთიანებული სამეფოს და ჩვენი მოკავშირეების, მათ შორის შეერთებული შტატების, მთავარ მიზნად.
მე ვგმობ ირანის დღევანდელ თავდასხმებს რეგიონში პარტნიორებზე, რომელთაგან ბევრი არ არის ამ კონფლიქტის მხარე. ჩვენ ვუცხადებთ მათ მხარდაჭერას და სოლიდარობას, როგორც ჩვენი ვალდებულების ნაწილს, უზრუნველვყოთ ჩვენი მოკავშირეების უსაფრთხოება ახლო აღმოსავლეთში.
რეგიონში ჩვენ გვაქვს თავდაცვითი შესაძლებლობების ფართო სპექტრი, რომელიც ბოლო დროს გავაძლიერეთ.
ჩვენი ძალები აქტიურები არიან და დღეს ბრიტანული თვითმფრინავები დაფრინავენ ცაში, როგორც კოორდინირებული რეგიონალური თავდაცვითი ოპერაციების ნაწილი, რათა დავიცვათ ჩვენი ხალხი, ჩვენი ინტერესები და ჩვენი მოკავშირეები.
როგორც ადრე, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, დიდმა ბრიტანეთმა უმაღლეს დონეზე გააძლიერა დიდი ბრიტანეთის ბაზებისა და პერსონალის დაცვა.
ჩვენ ასევე ვინარჩუნებთ კონტაქტს რეგიონში მყოფ ბრიტანეთის მოქალაქეებთან და ყველაფერს ვაკეთებთ მათ მხარდასაჭერად.
დღეს მე ვესაუბრე რეგიონის ლიდერებს. უმნიშვნელოვანესია შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილება და დიპლომატიური პროცესის დაბრუნება.
ჩვენ გვსურს მშვიდობის, უსაფრთხოებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლის დაცვა. ირანს ახლა შეუძლია ამის დასრულება.
მან თავი უნდა შეიკავოს შემდგომი თავდასხმებისგან, უარი თქვას შეიარაღების პროგრამებზე და დაასრულოს საშინელი ძალადობა და რეპრესიები ირანელი ხალხის წინააღმდეგ, რომლებსაც აქვთ უფლება, თავად განსაზღვრონ საკუთარი მომავალი. ჩვენი დიდი ხნის პოზიციის შესაბამისად, ეს არის დეესკალაციისა და მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნების გზა“, - განაცხადა სტარმერმა.