დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები გამოაცხადა, რომელიც 24 მარტს გაიმართება. ინფორმაციას Politico ავრცელებს.
მოქმედი პარლამენტის ვადის ამოწურვამდე ერთ წელზე ნაკლები დრო რჩება, ამიტომ არჩევნები არაუგვიანეს 31 ოქტომბრისა უნდა ჩატარებულიყო.
თუმცა, არჩვენების ვადაზე ადრე დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, ფრედერიქსენის მმართველი სოციალ-დემოკრატიული პარტიის მხარდაჭერის მკვეთრ ზრდას ეფუძნება, რაც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ გრენლანდიის ანექსიის შესახებ აგრესიული მუქარის შემდეგ დაფიქსირდა.
„მე მეფე ფრედერიკს ვურჩიე, რომ არჩევნები 24 მარტს ჩატარდეს“, - განუცხადა ფრედერიქსენმა კანონმდებლებს კოპენჰაგენში, დანიის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
თავის გამოსვლაში ფრედერიქსენმა ისაუბრა კოპენჰაგენსა და ვაშინგტონს შორის არსებულ დაძაბულობაზე და განაცხადა, რომ მისი დროებითი მთავრობა მარტში არჩევნებამდე პერიოდში ფხიზლად იქნება.
„მიუხედავად იმისა, რომ დანიაში ამჟამად საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს, მსოფლიო არ ელოდება. როგორც ყველამ იცის, გრენლანდიის გარშემო კონფლიქტი ჯერ არ დასრულებულა. მთავრობა, რა თქმა უნდა, გააგრძელებს დანიის ინტერესების დაცვას“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.