უზენაესმა სასამართლომ უნებლიეთ მიბოძა, იმაზე მეტი უფლებამოსილება, ვიდრე მათ სასაცილო, სულელურ და საერთაშორისო დონეზე განხეთქილების მომტან გადაწყვეტილებამდე მქონდა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი TRUTH SOCIAL-ზე წერს.
ტრამპი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა უზენაესი სასამართლოს მიერ ტარიფებზე მიღებულ გადაწყვეტილებას.
„აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ (პატარა ასოებს გამოვიყენებ, მათ მიმართ დროებით უპატივცემულობის ნიშნად) შემთხვევით და უნებლიეთ მიბოძა, როგორც აშშ-ის პრეზიდენტს იმაზე მეტი ძალა და უფლებამოსილება, ვიდრე მათ სასაცილო, სულელურ და საერთაშორისო დონეზე განხეთქილების მომტან გადაწყვეტილებამდე მქონდა. ერთი მხრივ, ლიცენზიების გამოყენებით შემიძლია, აბსოლუტურად საშინელი რაღაცები გავაკეთო უცხო ქვეყნების მიმართ, განსაკუთრებით იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში გვღალატობდნენ, მაგრამ, ჭკუის გარეშე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ლიცენზიის საფასურს ვერ დავაკისრებ. ყველა ლიცენზია გულისხმობს საფასურს, რატომ არ შეუძლია ამის გაკეთება შეერთებულ შტატებს?“, – წერს დონალდ ტრამპი.
მისი თქმით, სხვა ტარიფები, რაც დაწესდა კიდევ უფრო მძლავრად და სრული სამართლებრივი სიზუსტით იქნება გამოყენებული, ხოლო აშშ-ის სასამართლო ტრამპის აზრით, ჩინეთისა და სხვა ქვეყნების სასარგებლოდ მოქმედებს და შემდეგი გადაწყვეტილება შეიძლება შეეხოს დაბადებისთანავე მოქალაქეობის მინიჭებას.
„შემდეგი რაც მოხდება იქნება, ის რომ ჩინეთისა და სხვების სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებენ, ვინც დაბადებისთანავე მოქალაქეობის მინიჭებით უდიდეს ფულს შოულობს და იტყვიან, რომ მე-14 შესწორება „მონების შვილებისთვის“ კი არ იყო დაწერილი, რაც სწორედ ის არის და ზუსტად დასტურდება მისი შემუშავებისა და რატიფიცირების დროით, რომელიც სრულყოფილად ემთხვევა სამოქალაქო ომის დასასრულს. ამაზე მეტი სიზუსტე სად იქნებოდა? მაგრამ ეს უზენაესი სასამართლო მოძებნის საშუალებას, რათა მივიდეს არასწორ დასკვნამდე, ისეთამდე, რომელიც კვლავ გააბედნიერებს და გაამდიდრებს ჩინეთსა და სხვა ერებს. დაე, ჩვენმა უზენაესმა სასამართლომ განაგრძოს ისეთი ცუდი და ჩვენი ერის მომავლისთვის საზიანო გადაწყვეტილებების მიღება - მე მაქვს სამუშაო. კვლავ გავხადოთ ამერიკა დიდი!“, – წერს ტრამპი.
შეგახსენებთ, აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები 20 თებერვალს გააუქმა.