სოჭის სანაპიროსთან ჩაძირული გემის ეკიპაჟის წევრის, ქართველი როლანდ ბერიძისა და კიდევ ერთი მეზღვაურის ძებნა, უამინდობის გამო, შეჩერებულია.
სამაშველო ჯგუფმა სამუშაოები გუშინ შეწყვიტა.
როლანდ ბერიძე ოჯახს გემის ჩაძირვის წინა საღამოს დაუკავშირდა და ცუდი ამინდის შესახებ აცნობა. ამის შემდეგ ის ახლობლებს აღარ დაკონტაქტებია.
გემის ჩაძირვის შესახებ მეზღვაურის ოჯახის წევრებმა გემის მფლობელი კომპანიის ხელმძღვანელობისგან შეიტყვეს.
43 წლის როლანდ ბერიძეს მეუღლე და ორი შვილი ჰყავს.
კატასტროფის დროს ბორტზე საქართველოს სამი მოქალაქე იმყოფებოდა_ზაზა კეკელიძე და იმედა ქობულაძეEმაშველებმა ეკიპაჟის სხვა წევრებთან ერთად გადაარჩინეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
გემზე მყოფი ქართველები საქართველოს მეზღვაურთა პროფკავშირების წევრები არ არიან და მათ შესახებ ბათუმში არანაირი ინფორმაცია არ აქვთ.
შეგახსენებთ, ტანზანის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა კატასტროფა სოჭის სანაპიროსთან გუშინ განიცადა. სატვირთო გემი, სიძველის გამო, ძლიერი შტორმის შედეგად შუაზე გაიხლიჩა.