ისრაელი შეერთებულ შტატებთან ერთად ირანის წინააღმდეგ ერთობლივი სამხედრო ოპერაციისთვის ემზადება, რომლის სამიზნეებიც შეიძლება იყოს ბალისტიკური რაკეტების ობიექტები, ბირთვული ობიექტები და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) შტაბ-ბინა.
ამის შესახებ გამოცემა The New York Times ისრაელის სამხედრო მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით იტყობინება.
მათი თქმით, აშშ და ისრაელი რამდენიმე დღეში „მძიმე დარტყმის“ განხორციელებას გეგმავენ, რათა „ირანი აიძულონ, მოლაპარაკებების მაგიდასთან დათმობებზე წავიდეს“ ბირთვულ შეთანხმებასთან დაკავშირებით.
გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ის სამხედრო ძალების ახლო აღმოსავლეთში განლაგება მას საშუალებას აძლევს, დაარტყას „ირანის ფართო სპექტრს, მათ შორის მოკლე და საშუალო რადიუსის რაკეტების ბაზირების ადგილებს, საბრძოლო მასალის საწყობებს, ბირთვულ ობიექტებს და სხვა სამხედრო ობიექტებს, როგორიცაა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის შტაბ-ბინა“.
გამოცემის ამერიკული წყაროების ცნობით, სამიზნეების გადაწყვეტილებას საბოლოოდ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიღებს.