ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება იყო საქალაქო სასამართლოს ეზოში. ერთმანეთს მოკლული ლევან ჯანგველაძის და ძმებ მიქაძეების მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ.
როგორც "ფორმულას" მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, სასამართლოს ეზოში შეკრებილი ათობით ადამიანი ერთმანეთს ფიზიკურად უპირისპირდება, დაპირისპირებისას დაიმტვრა იქვე მდგარი ავტომობილიც. "ფორმულას" ცნობით, დაკავებულია ორი პირი.
სასამართლოს ეზოში დაპირისპიორება გუშინაც მოხდა.
ცნობისთვის, ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს ჩაცხრილეს. მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა. მას სასამართლომ უვადო პატირმობა უკვე მიუსაჯა.
ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე 12 აგვისტოს შსს-მ 3 პირი დააკავა - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე. მათთან ერთად დაუწრებლად წარეგინათ ბრალი დავით მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს. ძმები მიქაძეები ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრები არიან. ამავე საქმეზე ბრალდებულია თავად ოთარ რომანოვ ფარცხალაძე, რომელზეც ძებნაა გამოცხადებული.
პროკურატურამ ძმებ მიქაძეებს და გიორგი ჯოხაძეს ბრალდება შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებისთვის წარუდგინა;
გიორგი კაჭკაჭიშვილს ბრალდება წარედგინა ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინაღმდეგოდ შეძენა, შენახვისთვის;
მამუკა ბაღდავაძეს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა და მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდება. ბრალდებულ გ. ჯ.-ზე და დ. მ.-ზე გამოცხადდება ძებნა.