ბოლო კვირების განმავლობაში უკრაინამ F-16 ესკადრილია შექმნა, რომელშიც პირველად შედიან ამერიკელი და ნიდერლანდელი პილოტები. ინფორმაციას The Moscow Times ფრანგულ გამოცემა Intelligence Online-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისი თქმით, დანაყოფის ფორმირება მკაცრად იყო გასაიდუმლოებული. ესკადრილიის ამჟამინდელი მისიაა კიევის ოლქის ცის დაცვა, რომელიც რეგულარულად ხდება რუსეთის მასიური საჰაერო დარტყმების სამიზნე.
უკრაინაში ჩასულ ამერიკელ პილოტებს შორის არიან ავღანეთსა და ახლო აღმოსავლეთში საბრძოლო ოპერაციების ვეტერანები.
ნიდერლანდებმა დაიქირავა პილოტები, რომლებიც გაწვრთნილები არიან თანამედროვე ტაქტიკურ საჰაერო საბრძოლო ტექნიკასა და მაღალტექნოლოგიურ საჰაერო ოპერაციებში სპეციალიზირებულ ელიტარულ ევროპულ საავიაციო სკოლებში.
როგორც Intelligence Online აზუსტებს, უცხოელმა პილოტებმა უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან (AFU) დროებით კონტრაქტებს მოაწერეს ხელი, რომლებიც ყოველ ექვს თვეში როტაციას და გაგრძელების შესაძლებლობას ითვალისწინებს.
უკრაინა დასავლეთის ქვეყნების მიერ ნაჩუქარ F-16 გამანადგურებლებს რუსული „კალიბრისა“ და Х-101 ტიპის ფრთოსანი რაკეტების, ასევე „გერან-5“ ტიპის დრონების ჩასაჭრელად იყენებს.
უკრაინელი პილოტებისგან განსხვავებით, დასავლელი პილოტები დახელოვნებულები არიან მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობის, განსაკუთრებით სნაიპერული დამიზნებისა და სადაზვერვო კაფსულების მართვაში. ეს სისტემა საშუალებას იძლევა დიდ მანძილზე სამიზნეების აღმოჩენისა და რაკეტებისა და დრონების თვალყურის დევნებისა სიბნელეში ან ღრუბლებში.
მედია წერს, რომ ჯერ კიდევ 2023 წელს უკრაინის საჰაერო ძალებმა დაუშვა კონტრაქტების გაფორმების შესაძლებლობა უცხოელ სამხედრო სპეციალისტებთან, მათ შორის პილოტებთან და ტექნიკოსებთან.
2024 წელს, კიევში ვიზიტის დროს, აშშ-ის რესპუბლიკელმა სენატორმა ლინდსი გრემმა აღნიშნა, რომ უკრაინას შეეძლო ამერიკელი ვეტერანი პილოტების დაქირავება F-16-ების პილოტირებისთვის, ვიდრე უკრაინელი სპეციალისტები გადიოდნენ წვრთნებს.
„უკრაინელები ნატო-ს ქვეყნებს შორის ეძებენ მზადყოფნაში მყოფ პენსიაზე გასულ პილოტებს, რათა დაეხმარონ მათ, იქამდე ვიდრე უკრაინა საკუთარ პილოტებს არ გაწვრთნის“, - თქვა გრემმა.