17 თებერვლის ღამეს, დრონებმა რუსეთის ფედერაციაში რამდენიმე ობიექტს შეუტიეს, მათ შორის კრასნოდარის მხარეში მდებარე ილსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, სადაც თავდასხმამ მასშტაბური ხანძარი გამოიწვია.
რუსული წყაროების ცნობით, კრასნოდარის მხარე საღამოდან „ლიუტის“ ტიპის დრონების თავდასხმის ობიექტი გახდა. რუსი პროპაგანდისტები აცხადებენ, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა რეგიონის თავზე 20-ზე მეტი დრონი ჩამოაგდეს.
ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა დასახლება ილსკის მახლობლად ათზე მეტი აფეთქების ხმა გაიგეს, რის შემდეგაც ადგილობრივი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე დიდი ხანძარი გაჩნდა.
დღეს დილით კრასნოდარის მხარის ოპერატიულმა შტაბმა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმის ფაქტი დაადასტურა.
„უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის შედეგად, ილსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა. დაშავებულები არ არიან. დაზიანდა ნავთობის ავზი. ხანძარმა დაახლოებით 700 კვადრატული მეტრი ფართობი მოიცვა“, - ნათქვამია განცხადებაში.
აღნიშნულია, რომ ხანძრის ჩაქრობაში 72 ადამიანი და 21 ერთეული ტექნიკა, ასევე სახანძრო ეკიპაჟი მონაწილეობდა.
საჰაერო საფრთხის გამო, კრასნოდარის, სოჭის და გელენჯიკის აეროპორტებმა მუშაობა სულ მცირე ოთხი საათით შეაჩერეს. განგაშის სირენები ასევე ნოვოროსიისკსა და ყუბანის სლავიანსკში გაისმა.
ამავდროულად, დრონებმა თათრეთის რესპუბლიკას შეუტიეს. დაახლოებით დილის 3:00 საათზე აფეთქებები იყო ყაზანისა და ნიჟნეკამსკის გარეუბნებში.
ყაზანისა და ნიჟნეკამსკის აეროპორტებმაც დროებით შეაჩერეს რეისები.
თათრეთის რესპუბლიკაზე დარტყმების შედეგების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.