ნებისმიერი მთავრობისთვის არ არსებობს უფრო მნიშვნელოვანი ვალდებულება, ვიდრე თავისი ხალხისა და ერის დაცვის უნარი, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ბრატისლავაში, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, შეერთებულ შტატებს არ სჭირდება, რომ ევროპა ამერიკის ვასალი და მასზე დამოკიდებული იყოს.
მისივე თქმით, აშშ ნატო-ს დატოვებას არ აპირებს და მას სურს, ალიანსი იყოს უფრო ძლიერი, სადაც სხვა ქვეყნებს მეტი გავლენა აქვთ ნატო-ში.
"სწორედ ამიტომ ვსაუბრობთ ნატო-ში ჩვენი პარტნიორების შესაძლებლობების გაძლიერების მნიშვნელობაზე. ყოველ ჯერზე, როცა ამას ვამბობთ, ზოგიერთი ადამიანი პანიკაში ვარდება, ფიქრობენ, თითქოს ეს ნატო-ს ან მოკავშირეების მიტოვებას ნიშნავს. ჩვენი მთავარი გზავნილი კი ის არის, რომ რაც უფრო ძლიერები არიან ჩვენი მოკავშირეები, მით უფრო ძლიერები ვართ ჩვენ კოლექტიურად.
არ ვფიქრობთ, რომ ნეგატიურია სხვა ქვეყნების მეტი გავლენა ნატო-ში, რომ სხვა პარტნიორ ქვეყნებს მეტი გავლენა აქვთ ნატო-ში, ან ნატო-ს სხვა ქვეყნებს მეტი შესაძლებლობები აქვთ. ჩვენ ამას დადებითად მივიჩნევთ
ჩვენ არ გვინდა, რომ ევროპა იყოს დამოკიდებული აშშ-ზე. ჩვენ არ ვთხოვთ ევროპას, იყოს შეერთებული შტატების ვასალი. ჩვენ გვინდა, ვიყოთ თქვენი პარტნიორი. ჩვენ გვინდა, ვიმუშაოთ ევროპასთან. ჩვენ გვინდა, ვიმუშაოთ ჩვენს მოკავშირეებთან. ჩვენ გვინდა თქვენთან თანამშრომლობა და ჩვენი მიზანი იყო და კვლავაც არის, რომ რაც უფრო ძლიერი ხართ, როგორც ინდივიდუალურად, ასევე კოლექტიურად, როგორც ალიანსი, მით უფრო ძლიერია ნატო. რაც უფრო ძლიერია ყველა ეს წევრი, მით უფრო ძლიერია ალიანსი. ალიანსი იმდენად ძლიერი უნდა იყოს, რომ ვერავინ გაბედოს მისი გამოცდა. ვერავინ გაბედავს მის გამოწვევას. ამიტომ, ჩვენ მივესალმებით ნებისმიერ ზომას, რომელსაც ცალკეული წევრები იღებენ ალიანსის გასაძლიერებლად, ამას დადებითად მივიჩნევთ“, - განაცხადა რუბიომ.