უკრაინა მალე Patriot-ის ტიპის 35 საჰაერო თავდაცვის რაკეტას მიიღებს: 30-ს უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის წევრი სახელმწიფოებისგან და დამატებით ხუთს გერმანიიდან.
ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა 12 თებერვალს ნატო-ს შტაბ-ბინაში „რამშტაინის“ შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„რაც შეეხება საჰაერო თავდაცვას, გადავწყვიტე, ჩვენი სესიის ბოლოს სპონტანურად შემეთავაზებინა, რომ გერმანია უკრაინას დამატებით PAC-3 ტიპის ხუთ გამანადგურებელ რაკეტას გადასცემდა, თუ სხვა პარტნიორი ქვეყნები ერთობლივადPAC-3-ის 30 ერთეულს გადასცემდნენ. ყველამ ვიცით, რომ საქმე სიცოცხლის გადარჩენას ეხება“, - განაცხადა პისტორიუსმა.
„ეს დღეების საკითხია და არა კვირების ან თვეების. ასე რომ, შემიძლია გითხრათ, რომ სწორ გზაზე ვართ“, - დასძინა მან.
მან გაიხსენა, რომ უკრაინას თავდაცვისთვის 2026 წლისთვის სულ მცირე 50 მილიარდი დოლარი სჭირდება.
„ჯონმა, მიხაილმა და მე, ნატო-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან ერთად, გასულ კვირას წერილი მივწერეთ ჩვენს პარტნიორებს. ჩვენ კატეგორიულად მოვუწოდებთ უკრაინის თავდაცვის საკითხებში საკონტაქტო ჯგუფის ყველა ქვეყანას, დამატებითი მხარდაჭერა გამოუცხადონ“, - განაცხადა პისტორიუსმა.
მან ასევე გამოთქვა კმაყოფილება „რამშტაინის“ დღევანდელი შეხვედრის შედეგებით და კერძოდ, იმ 35 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარების გამო, რომელიც დღევანდელი „რამშტაინის“ შეხვედრის მონაწილე სახელმწიფოებმა უკრაინისთვის გამოყვეს, რომელიც ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ჯონ ჰილიმ განაცხადა.