ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კაია კალასმა განაცხადა, რომ წარადგენს იმ დათმობების სიას, რომელიც უკრაინაში ომის დასრულების შეთანხმების ფარგლებში ევროპამ რუსეთისგან უნდა მოითხოვოს.
ამის შესახებ Reuters კალასის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.
„მოლაპარაკებების ყველა მონაწილემ, მათ შორის რუსებმა და ამერიკელებმა, უნდა გაიგონ, რომ შეთანხმების მისაღწევად ევროპელების თანხმობა აუცილებელია. და ამისთვისაც გვაქვს პირობები. და ეს პირობები უნდა წავუყენოთ არა უკრაინელებს, რომლებიც ისედაც დიდი ზეწოლის ქვეშ არიან, არამედ რუსებს“, - განაცხადა კალასმა.
კალასმა განაცხადა, რომ სიას ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობებს უახლოეს დღეებში შესთავაზებს.
მისი თქმით, ეს პირობები შეიძლება მოიცავდეს მოთხოვნას, რომ რუსეთმა დააბრუნოს ყველა გატაცებული უკრაინელი ბავშვი და ომის დასრულების შემდეგ რუსეთის შეიარაღებული ძალების რაოდენობა შეზღუდოს.