უკრაინისა და რუსეთის ლიდერები, ვოლოდიმირ ზელენსკი და ვლადიმირ პუტინი პირადად უნდა შეხვდნენ ერთმანეთს, რათა განიხილონ სამშვიდობო მოლაპარაკებების ყველაზე რთული საკითხები. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრიი სიბიჰამ Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით,
ომის შეჩერება მხოლოდ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეუძლია.
როგორც სიბიჰამ აღნიშნა, უკრაინას სურს დააჩქაროს ოთხწლიანი ომის დასრულების მცდელობები და ისარგებლოს აშშ-ის ხელმძღვანელობით მოლაპარაკებებში არსებული იმპულსით, ვიდრე სხვა ფაქტორები ჩაერევა, როგორიცაა ნოემბერში აშშ-ში შუალედური არჩევნები.
„მხოლოდ ტრამპს შეუძლია ომის შეჩერება“, - თქვა მან.
სიბიჰამ აღნიშნა, რომ 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმიდან, რომელიც ბოლო სამმხრივი მოლაპარაკებების საფუძველს წარმოადგენდა, მხოლოდ რამდენიმე საკითხი დარჩა გადაუჭრელი.
„ყველაზე მგრძნობიარე და ყველაზე რთული საკითხები ხელმძღვანელობის დონეზე უნდა გადაწყდეს“, - განმარტა მან.
„ვფიქრობ, იმპულსი გვაქვს, ეს სიმართლეა. ჩვენ გვჭირდება ამ სამშვიდობო ძალისხმევის კონსოლიდაცია ან მობილიზაცია და მზად ვართ, დავაჩქაროთ ეს პროცესი“, - განაცხადა მინისტრმა.
მისი ცნობით, აშშ-მა უკრაინას დაუდასტურა, რომ უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტის კონგრესში რატიფიცირებისთვის მზად არის.
„პირადად, ამ ეტაპზე, ამერიკელების მონაწილეობის გარეშე უსაფრთხოების არქიტექტურის არ მჯერა. ისინი ჩვენთან ერთად უნდა იყვნენ და ახლა ისინი პროცესში არიან. ეს მნიშვნელოვანი მიღწევაა“, - აღნიშნა სიბიჰამ.