ჩვენ ჩვენი კონსტიტუციური ინტერესი გვაქვს და კანონმდებლობამ უნდა იზრუნოს შესაბამისი პრობლემების მოგვარებაზე,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივის თაობაზე დასმულ შეკითხვას უპასუხა.
მისივე თქმით, ეს არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ საქართველოში სათანადოდ ფუნქციონირებდეს კონსტიტუციური სისტემა.
„რაც შეეხება არაღიარების თემას, ჩვენ გვაქვს ჩვენი კონსტიტუციური ინტერესი, რომ დაცული იყოს კონსტიტუციური სისტემა. თუ ამ კუთხით არის გამოწვევები, ბუნებრივია, კანონმდებლობამ უნდა იზრუნოს შესაბამისი პრობლემების მოგვარებაზე და, ამ კუთხით, მე მოვუწოდებდი საქართველოს პარლამენტს, რომ მიიღოს შესაბამისი კანონი, რომელიც ამ პრობლემას დაუპირისპირდება. ეს არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ საქართველოში სათანადოდ ფუნქციონირებდეს კონსტიტუციური სისტემა. ჩემი სურვილი იქნებოდა, რომ პარლამენტმა რაც შეიძლება მალე მიიღოს ეს კანონი, დანარჩენი არის პარლამენტის გადასაწყვეტი“,- განაცხადა პრემიერმა.