გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ჰოსნი მუბარაქის გადადგომას "ისტორიული შემობრუნება" უწოდა. "ეგვიპტელ ხალხთან ერთად ვზეიმობ, ვიმედოვნებ, რომ ეგვიპტის მომავალი ხელისუფლება ახლო აღმოსავლეთში მშვიდობას დაუჭერს მხარს, პატივს სცემს ისრაელთან შეთანხმებას (რომელსაც 1979 წელს მოეწერა ხელი) და ისრაელის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს," _ აღნიშნა მერკელმა.
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიდო ვესტერველემ აღნიშნა, რომ მსოფლიო ისტორიული ცვლილებების თვითმხილველნი გახდა. იგი მიესალმა მუბარაქის გადაწყვეტილებას, თავისი ქვეყნის პოლიტიკური განახლებისთვის გზის გახსნის თვალსაზრისით. ამასთან, გამოთქვა გერმანიის მზადყოფნა ხელი შეუწყოს ეგვიპტესთან დემოკრატიულ ცვლილებებს და ამ სახელმწიფოსთან მჭიდრო ურთიერთობას.
თავის მხრივ, ევროსაბჭოს უმაღლესმა კომისარმა საგარეო საქმეებსა და უშიშროების პოლიტიკის საკითხებში კეტრი ეშტონმა განაცხადა, რომ ევროსაბჭო პატივისცემით აღიქვამს მუბარაქის გადაწყვეტილებას და იმას, რომ "გადადგომის გადაწყვეტილების მიღებისას მან ეგვიპტელი ხალხის სურვილი გაიზიარა".
შეგახსენებთ, გუშინ ეგვიპტის პრეზიდენტმა ჰოსნი მუბარაქმა გადადგმის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ვიცე-პრეზიდენტმა ომარ სულეიმანმა განაცხადა.