მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის წევრმა კომპანიებმა კვერცხზე ფასის შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.
როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, კომპანიები: „სავანეთი“, „დილა“, „კოდა“ და „კუმისი“ მათ მიერ წარმოებულ კვერცხზე ფასს 5%-ით შეამცირებენ.
„სავანეთი“, „დილა“, „კოდა“ და „კუმისი“ აცხადებენ, რომ მათ მიერ წარმოებულ კვერცხზე, როგორც პირველადი მოხმარების საკვებ პროდუქტზე, ფასის შემცირების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს. ფასის შემცირება 5%-იანი იქნება. აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივის გათვალისწინებით, რომელიც სასურსათო პროდუქციის ფასების შემცირებას უკავშირდება. ასოციაციის წევრი კომპანიები სრულ მხარდაჭერას უცხადებენ სახელმწიფო პოლიტიკას, რომელიც ფასების კლებასა და მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. კომპანიებში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება გარკვეულ რისკებს შეიცავს მარჟებთან მიმართებით, პროდუქციის ფასის მცირედი მერყეობა შესაძლებელია იყოს წლის განმავლობაში და პირდაპირ დამოკიდებულია მსოფლიო ბაზარზე არსებულ ნედლეულის ფასზე, თუმცა ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელი იქნება აღნიშნული რისკების მართვა და დაბალანსება.
ასოციაციის წევრი კომპანიები იმედოვნებენ, რომ მთავრობის აქტიური მუშაობა „რითეილ“ სექტორთან, ფასნამატების შემცირების მიმართულებით, გავლენას მოახდენს პროდუქციის საბოლოო ფასსა და ხელმისაწვდომობაზე. მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის წევრი კომპანიები მზად არიან, ხელი შეუწყონ ბაზარზე სტაბილური და სამართლიანი ფასების ფორმირებას და საკუთარი წვლილი შეიტანონ ქვეყნის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.