აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მან მთელ მსოფლიოში ბირთვული ომები შეაჩერა. მათ შორის რუსეთსა და უკრაინას შორის. ამის შესახებ ტრამპი Truth Social-ში წერს.
ტრამპი აშშ-სა და რუსეთს შორის სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ხელშეკრულების გაგრძელების წინააღმდეგ გამოვიდა და ალტერნატიული ხელშეკრულების შექმნა შესთავაზა.
„ამერიკის შეერთებული შტატები მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ქვეყანაა. ჩემი პირველი ვადის განმავლობაში მე მთლიანად გარდავქმენი ჩვენი სამხედრო ძალები, მათ შორის ახალი და მრავალი მოდერნიზებული ბირთვული შეიარაღება“, - განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა.
ტრამპმა დასძინა, რომ მან შექმნა კოსმოსური ძალები და აგრძელებს ამერიკული სამხედრო ძალების გაძლიერებას „იმ დონემდე, რაც მსოფლიოს არასდროს უნახავს“.
„ჩვენ კიდევ ვამატებთ საბრძოლო ხომალდებს, რომლებიც 100-ჯერ უფრო მძლავრია, ვიდრე ის ხომალდები, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დროს ზღვაში დაცურავდნენ - „აიოვა“, „მისური“, „ალაბამა“ და სხვა. მე შევაჩერე ბირთვული ომების დაწყება მთელ მსოფლიოში პაკისტანსა და ინდოეთს, ირანსა და ისრაელს, რუსეთსა და უკრაინას შორის“, - თქვა მან.
ტრამპის თქმით, NEW START-ის ხელშეკრულების გაგრძელების ნაცვლად, უნდა შემუშავდეს ახალი ხელშეკრულება, რომელიც ძალაში იქნება „მომავალი წლების განმავლობაში“.
„ჩვენ უნდა დავავალოთ ჩვენს ბირთვულ ექსპერტებს იმუშაონ ახალ, გაუმჯობესებულ და მოდერნიზებული ხელშეკრულებაზე, რომელიც დიდხანს იმოქმედებს“, - დაწერა ტრამპმა.