ოთხშაბათს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, განაცხადა, რომ ეჭვი ეპარება ირანთან შეთანხმების მიღწევის ალბათობაში და ხაზი გაუსვა პარასკევს დაგეგმილი შეხვედრის წინ მიმდინარე მოლაპარაკებების სირთულე.
„მათ [ირანმა] გამოთქვეს შეხვედრისა და საკითხების განხილვის სურვილი. თუ ისინი შეიცვლიან აზრს, ჩვენთვის ესეც ნორმალურია. ჩვენ შეხვედრა და საუბარი გვირჩევნია. დარწმუნებული არ ვარ, რომ ამ ადამიანებთან შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი იქნება, მაგრამ ვეცდებით გავარკვიოთ. ჩვენ ვერ ვხედავთ რაიმე ცუდს იმაში, რომ ვცადოთ, შესაძლებელია თუ არა რამის გაკეთება“, - განუცხადა რუბიომ ჟურნალისტებს.
ცნობისათვის, ირანი და აშშ ბირთვულ საკითხზე მოლაპარაკებებს 6 თებერვალს ომანში გამართავენ. შეხვედრის ფორმატი წინა შეხვედრების მსგავსი იქნება - ომანის მხარის შუამავლობით.
ირანს საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი უხელმძღვანელებს, აშშ-ს კი პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი წარმოადგენს. ასევე განიხილება აშშ-ის ლიდერის სიძის, ჯარედ კუშნერის შესაძლო მონაწილეობა.