ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ დაასრულა შეხვედრა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან, სტივ უიტკოფთან და მოუწოდა ამერიკულ მხარეს, არ ენდოს თეირანის „დაპირებებს“. შეხვედრა ირანის გარშემო ვითარების ესკალაციის რისკის ფონზე გაიმართა. იონფორმაცია შეხვედრის შესახებ ნეთანიაჰუს ადმინისტრაციამ გაავრცელა.
„პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფს შორის შეხვედრა დასრულდა.
უიტკოფის ირანის წარმომადგენელთან შესახვედრამდე, პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა თავის პოზიციას: ირანმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ მის დაპირებებზე დაყრდნობა არ შეიძლება“, - ნათქვამია უწყების პრესრელიზში.
შეხვედრის დროს მხარეებმა ასევე განიხილეს ღაზის სექტორში არსებული ვითარება.
„პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი კატეგორიული მოთხოვნა ჰამასის განიარაღების, ღაზის სექტორის დემილიტარიზაციისა და ომის მიზნების სრულად მიღწევის შესახებ, ვიდრე ღაზის სექტორის აღდგენა დაიწყება.
პრემიერ-მინისტრმა განმარტა, რომ პალესტინის ხელისუფლება არანაირ გარემოებაში არ მიიღებს მონაწილეობას სექტორის მართვაში“, - აღნიშნუილია ნეთანიაჰუს ადმინისტრაციის პრესრელიზში.