აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დღეს, 2 თებერვალს, ტელეფონით ესაუბრა ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის. მისი თქმით, ინდოეთის პრემიერ-მინისტრი დათანხმდა რუსული ნავთობის შესყიდვის შეწყვეტას. ამის შესახებ ტრამპი Truth Social-ზე წერს.
"ჩემთვის დიდი პატივი იყო დღეს დილით ინდოეთის პრემიერ-მინისტრ მოდისთან საუბარი. ის ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი და თავისი ქვეყნის ძლიერი და პატივცემული ლიდერია. ჩვენ მრავალ საკითხზე ვილაპარაკეთ, მათ შორის, ვაჭრობასა და რუსეთ-უკრაინის ომის დამთავრებაზე. ის დათანხმდა რუსული ნავთობის შესყიდვის შეჩერებასა და აშშ-სგან, პოტენციურად, ვენესუელისგან ბევრად მეტის შესყიდვაზე. ეს უკრაინაში ომის დამთავრებას შეუწყობს ხელს, რომელიც ახლაც გრძელდება, ყოველ კვირაში ათასობით დახოცილი ადამიანით!" - წერს ტრამპი.
ამერიკის ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ ვაშინგტონი დათანხმდა ინდოეთთან სავაჭრო შეთანხმების დაუყოვნებლივ ძალაში შესვლას. მან განმარტა, რომ ეს გულისხმობს შეერთებული შტატებისთვის შემცირებულ საპასუხო ტარიფს, რომელიც მას 25%-დან 18%-მდე ამცირებს.
"პრემიერ მოდისადმი მეგობრობისა და პატივისცემის ნიშნად და მისი თხოვნის შესაბამისად, დაუყოვნებლივ ძალაში შესვლით, ჩვენ შევთანხმდით სავაჭრო გარიგებაზე შეერთებულ შტატებსა და ინდოეთს შორის, რომლის მიხედვითაც შეერთებული შტატები დააწესებს შემცირებულ ორმხრივ ტარიფს და მას 25%-დან 18%-მდე დაწევს. ისინი, თავის მხრივ, გადადგამენ ნაბიჯებს შტატების წინააღმდეგ არსებული ტარიფებისა და არატარიფული ბარიერების ნულამდე დასაყვანად.
პრემიერმა ასევე აიღო ვალდებულება კამპანიაზე "იყიდე ამერიკული" ბევრად უფრო მაღალ დონეზე, გარდა ამისა, მან გამოყო 500 მილიარდ დოლარზე მეტი ამერიკის ენერგეტიკის, ტექნოლოგიების, სოფლის მეურნეობის, ნახშირისა და მრავალი სხვა პროდუქტის შესაძენად. ჩვენი საოცარი ურთიერთობა ინდოეთთან მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება. პრემიერი მოდი და მე ის ორი ადამიანი ვართ, ვინც საქმეს აკეთებს, რასაც უმეტესობაზე ვერ იტყვი", - წერს ტრამპი.