აშშ-ის ადმინისტრაციამ ირანს განუცხადა, რომ მზადაა მოლაპარაკებებისთვის და შეთანხმების მისაღწევად. ამის შესახებ Axios იუწყება.
როგორც მედია აღენიშნავს, დიპლომატიური ძალისხმევა მას შემდეგ ხორციელდება, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სპარსეთის ყურეში სამხედრო ძალების მასშტაბური გაზრდის ბრძანება გასცა, რამაც ფსონები გაზარდა იმის შესახებ, შეძლებს თუ არა მოლაპარაკებები ირანზე დარტყმის და უფრო ფართო რეგიონული ომის თავიდან აცილებას.
წყაროების ცნობით, თურქეთი, ეგვიპტე და კატარი მუშაობენ თეთრი სახლის წარმომადგენელ სტივ უიტკოფსა და ირანის მაღალჩინოსნებს შორის ამ კვირის ბოლოს ანკარაში შეხვედრის ორგანიზებაზე.
„საკითხი მკვდარი წერტილიდან დაიძრა. ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია“, - განუცხადა ერთ-ერთი ქვეყნის წარმომადგენელმა Axios-ს.
აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა გამოცემას დაუდასტურა, რომ აშშ-სა და ირანს შორის შეხვედრა შესაძლოა ამ კვირაში თურქეთში გაიმართოს.
თეთრი სახლის წარმომადგენლების თქმით, ტრამპს ირანზე დარტყმების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია და დიპლომატიური გადაწყვეტისთვის ღია რჩება.
ამერიკელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ტრამპის ბოლოდროინდელი კომენტარები მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ბლეფი არ არის, თუმცა შეერთებულმა შტატებმა არ იცის, მისცემს თუ არა უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი თავის დიპლომატებს შეერთებული შტატებისთვის მისაღები შეთანხმების მიღწევის უფლებას.
მედიის ცნობით, ტრამპმა თავის გუნდს სთხოვა, მოამზადონ ვარიანტები ირანზე სწრაფი და გადამწყვეტი თავდასხმებისთვის, რომლებიც ახლო აღმოსავლეთში ხანგრძლივი ომის რისკს არ შექმნის.