უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრიი სიბიჰა გამოეხმაურა დნიპროპეტროვსკის ოლქში მაღაროელების ავტობუსზე რუსეთის თავდასხმას, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა. ამის შესახებ სიბიჰა Х-ზე წერს.
„არანაირი სამხედრო ობიექტი - მხოლოდ შრომისმოყვარე კაცები, რომლებიც ცვლის შემდეგ ოჯახებში ბრუნდებოდნენ. მართლაც საშინელებაა. რუსეთი კიდევ ერთხელ ამტკიცებს ტერორისტული სახელმწიფოს სტატუსს“, - წერს სიბიჰა.
მან აღნიშნა, რომ რუსები ამ დანაშაულებისთვის მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარდგნენ.
„ამ და სხვა სისასტიკეებისთვის პასუხისმგებელი რუსი მკვლელები მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარდგნენ. პასუხისმგებლობა სამართლიანი მშვიდობისთვის აუცილებელია,“ - აღნიშნა მინისტრმა.
ცნობისათვის, 1-ელ თებერვალს, დნიპროპეტროვსკის ოლქის პავლოგრადის რაიონის ქალაქ ტერნოვკაში მტრის დრონების თავდასხმის შედეგად 12 მაღაროელი დაიღუპა და 16 დაშავდა.
