აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ სწრაფი სამხედრო დარტყმის სცენარების მომზადების ბრძანება გასცა, რაც ახლო აღმოსავლეთში გაჭიანურებულ კონფლიქტს თავიდან ააცილებს. ამის შესახებ The Wall Street Journal ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით იუწყება.
ოფიციალური პირების თქმით, ტრამპმა თავის თანაშემწეებს სთხოვა, მოემზადონ სწრაფი და გადამწყვეტი თავდასხმებისთვის, რომლებიც ახლო აღმოსავლეთში ხანგრძლივ ომს არ გამოიწვევს.
„იდეალური იქნებოდა ვარიანტი, რომელიც რეჟიმს ისეთ ძლიერ დარტყმას მიაყენებდა, რომ მას სხვა გზა არ ექნებოდა, გარდა იმისა, რომ დათანხმებოდა აშშ-ის მოთხოვნებს ბირთვული პროგრამისა და დისიდენტების გათავისუფლების შესახებ“, აღნიშნეს წყაროებმა
WSJ-ის წყაროს ცნობით, სავარაუდო ქმედებებს შორის, ტრამპის გუნდი ირანის რეჟიმისა და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) სამიზნეებზე „მკაცრი დაბომბვების“ სერიას განიხილავს.
კიდევ ერთი, ნაკლებად რადიკალური სცენარი გულისხმობს სიმბოლურ სამიზნეებზე დარტყმებს, რაც ღიად დატოვებს შემდგომი ესკალაციის შესაძლებლობას, თუ ირანი უარს იტყვის ტრამპისთვის ხელსაყრელ შეთანხმებაზე.
შეგახსენებთ, 28 იანვარს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანისკენ უზარმაზარი არმადა მიემართება და ირანს მოუწოდა სწრაფად დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან და გააფორმოს სამართლიანი შეთანხმება - ბირთვული იარაღის გარეშე.
„იმედია, ირანი სწრაფად დაჯდება მოლაპარაკებების მაგიდასთან და მოლაპარაკებას დაიწყებს სამართლიან და თანასწორ შეთანხმებაზე - ბირთვული იარაღის გარეშე - ისეთზე, რომელიც ყველა მხარისთვის კარგი იქნება. დრო იწურება, ეს ნამდვილად არსებითია! როგორც ერთხელ უკვე ვუთხარი ირანს, დადეთ შეთანხმება! მათ ეს არ გააკეთეს და იყო „ოპერაცია „შუაღამის ჩაქუჩი“, ირანის მასშტაბური განადგურება. შემდეგი თავდასხმა გაცილებით უარესი იქნება! არ დაუშვათ, რომ ეს ისევ მოხდეს“,- დაწერა ტრამპმა.
ირანის არმიის მთავარსარდალმა, გენერალმა ამირ ჰატამიმ განაცხადა, რომ აშშ-თან დაძაბულობის ზრდის ფონზე ირანის შეიარაღებული ძალები მზად არიან, ქვეყანა ბოლომდე დაიცვან.
„ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები სავსეა მეთაურებით, გენერლებით, ოფიცრებითა და ჯარისკაცებით, რომლებიც ამ ქვეყანას ბოლო მომენტამდე დაიცავენ“, - აღნიშნა ამირ ჰატამმა.