აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, განაცხადა, რომ ამერიკამ დანიისა და გრენლანდიის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების აქტიური ფაზა დაიწყო და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ამ მოლაპარაკებებმა დადებითი შედეგი გამოიღოს.
რუბიომ, ამის შესახებ კონგრესის წევრებთან საუბრისას განაცხადა.
სახელმწიფო მდივნის თქმით, მხარეები ამჟამად კუნძულის სტატუსის განხილვის „კარგ ეტაპზე“ არიან და პირდაპირი კონსულტაციები დღეს იწყება.
„ვფიქრობ, ჩვენ გვაქვს პროცესი, რომელიც ყველასთვის კარგ შედეგამდე მიგვიყვანს. მაშინაც კი, როდესაც მე თქვენთან ვსაუბრობ, ჩვენსა და ჩვენს პარტნიორებს შორის გრენლანდიასა და დანიაში ამ საკითხზე ტექნიკური შეხვედრები იმართება. ვფიქრობ, დადებით შედეგს მივაღწევთ“, - - განუცხადა მან სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის კანონმდებლებს.
სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები რეგულარული და პროფესიონალური ხასიათის იქნება, თუმცა ვაშინგტონი ცდილობს თავიდან აიცილოს ამ პროცესის ზედმეტი საჯაროობა.
„ჩვენ ვეცდებით, ეს ისე გავაკეთოთ, რომ ეს მოლაპარაკებები მედიაში ცირკად არ გადაიქცეს, რადგან გვჯერა, რომ ეს ორივე მხარეს მეტ მოქნილობას მისცემს დადებითი შედეგის მისაღწევად“, - აღნიშნა რუბიომ.