აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, კონგრესის წევრებთან საუბრისას განაცხადა, რომ ნატო-ს „ხელახლა დაბალანსება“ სჭირდება. თუმცა ამასთან, დაარწმუნა, რომ ამერიკა ალიანსს არ ტოვებს. იუწყება The Guardian
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, ნატო უნდა შეიცვალოს და მისმა ევროპელმა პარტნიორებმა რადიკალურად უნდა გაზარდონ ინვესტიციები თავდაცვის შესაძლებლობებში.
ეს აუცილებელია იმის უზრუნველსაყოფად, რომ მათ შეძლონ მნიშვნელოვანი როლის შესრულება და არა უბრალოდ უზრუნველყონ უმნიშვნელო ძალების განლაგება, რაც მაინც მოითხოვს აშშ-ს მხარდაჭერას და დაზღვევას.
„(ნატო-ს) „ხელახლა დაბალანსების“ საჭიროება არ არის მისი მიზნის, არამედ მისი შესაძლებლობების გადახედვა“, - თქვა რუბიომ.
მაგალითად, მან უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების განხილვა მოიყვანა.
„უსაფრთხოების ეს გარანტიები ძირითადად გულისხმობს მცირე რაოდენობის ევროპული ჯარისკაცების, ძირითადად ფრანგული და ბრიტანული, განლაგებას და შემდეგ შეერთებული შტატების მხარდაჭერას.
სინამდვილეში კი, უსაფრთხოების გარანტია აშშ-ის მხარდაჭერაა. და მე არ ვაკნინებ იმ ფაქტს, რომ ზოგიერთი ევროპული ქვეყანა მზადაა ომისშემდგომ უკრაინაში ჯარები განათავსოს.
მე უბრალოდ აღვნიშნავ, რომ აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე ამას მნიშვნელობა არ აქვს“, - თქვა რუბიომ.
მისი თქმით, ევროპელებს აშშ-სგან ძლიერი მხარდაჭერა სჭირდებათ იმიტომ, რომ ბოლო 20-30 წლის განმავლობაში მათ თავდაცვის შესაძლებლობებში საკმარისი ინვესტიცია არ ჩადეს.
მან იმედი გამოთქვა, რომ ეს შეიცვლება.
„ნატო უფრო ძლიერი იქნება, თუ ჩვენი მოკავშირეები უფრო ქმედითები იქნებიან... ნატო რომ უფრო ძლიერი იყოს, აშშ-ის პარტნიორებიც უფრო ძლიერები უნდა იყვნენ. რაც უფრო ძლიერები იქნებიან ჩვენი ნატო-ელი პარტნიორები, მით უფრო მეტი მოქნილობა ექნება შეერთებულ შტატებს მთელ მსოფლიოში ჩვენი ინტერესების დასაცავად. ეს არ არის ნატო-ს უარყოფა, ეს 21-ე საუკუნის რეალობაა და მსოფლიო იცვლება“, - დასძინა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.