რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა განაცხადა, რომ თუ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა სურს, შეუძლია მოსკოვში ჩავიდეს.
მისი თქმით, პუტინმა უკვე რამდენჯერმე განაცხადა, რომ „თუ ზელენსკი ნამდვილად მზად არის შეხვედრისთვის, მაშინ კი ბატონო, ჩვენ მოვიწვევთ მას მოსკოვში“.
უშაკოვმა განაცხადა, რომ თუკი ზელენსკი მოსკოვში ჩავა, მისი უსაფრთხოების გარანტიები უზრუნველყოფილი იქნება.
მან აღნიშნა, რომ პუტინსა და ზელენსკის შორის შესაძლო შეხვედრის საკითხი რამდენჯერმე განიხილეს რუსეთის პრეზიდენტსა და აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბრების დროს.
„და ამ საუბრების დროს, კერძოდ, ტრამპმა შემოგვთავაზა, რომ განვიხილოთ ეს შესაძლებლობა“, - თქვა უშაკოვმა.