აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აშშ-ის დაზვერვისგან ანგარიში მიიღო, რომ ირანის რეჟიმი 1979 წლის რევოლუციის შემდეგ ყველაზე სუსტ პოზიციაშია. ამის შესახებ The New York Times წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
აშშ-ის დაზვერვის ანგარიშების თანახმად, გასული წლის ბოლოს დაწყებულმა საპროტესტო აქციებმა ირანის მთავრობის ზოგიერთი ელემენტი შეარყია.
დემონსტრაციები გავრცელდა ქვეყნის იმ რაიონებში, რომლებიც, ოფიციალური პირების თქმით, ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მხარდამჭერ ცენტრებს წარმოადგენდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ საპროტესტო აქციები ჩაახშეს, ირანის რეჟიმი კვლავ რთულ მდგომარეობაშია.
აშშ-ის დაზვერვის ანგარიშებში არაერთხელ იყო ხაზგასმული ირანის სუსტი ეკონომიკა. ეკონომიკურმა სირთულეებმა დეკემბრის ბოლოს მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია.
ირანელმა ოფიციალურმა პირებმა მკაცრი რეპრესიები გამოიყენეს, რამაც მოსახლეობის დიდი ნაწილი კიდევ უფრო დააშორა მთავრობის მხარდაჭერისგან.
აშშ-ის სამხედრო ძალები ამჟამად რეგიონში ძალებს აძლიერებენ, თუმცა გაურკვეველია, რა ნაბიჯებს განიხილავს დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია.
ორშაბათიდან, 26 იანვრიდან, ავიამზიდი „აბრაამ ლინკოლნი“, რომელსაც თან ახლავს სამი სამხედრო ხომალდი, რომლებიც აღჭურვილი არიან Tomahawk -ის რაკეტებით, შევიდა აშშ-ის ცენტრალური სარდლობის პასუხისმგებლობის ზონაში დასავლეთ ინდოეთის ოკეანეში.
სამხედრო წარმომადგენლების თქმით, თუ თეთრი სახლი ირანზე დარტყმის ბრძანებას გასცემს, ავიამზიდი ქვეყანაზე თავდასხმას ერთ-ორ დღეში შეძლებს.
აშშ-ის პრეზიდენტმა მანამდე განაცხადა, რომ შესაძლოა ირანზე დარტყმა განახორციელოს მთავრობის მიერ მომიტინგეების წინააღმდეგ სასტიკი ზომების გამო.