უკრაინის, რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლების შემდეგი სამმხრივი შეხვედრა შესაძლოა კვირას, 1-ელ თებერვალს გაიმართოს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„დიდი ხანის შემდეგ კვლავ გვქონდა ფორმატი ამერიკელებთან და რუსებთან. ჩვენ მოვახერხეთ უფრო სამხედრო ხასიათის სხვადასხვა საკითხის განხილვა - ომის დასრულების ნაბიჯებთან და რეალურ კონტროლთან და მონიტორინგთან დაკავშირებული საკითხები“, - აღნიშნა მან.
ზელენსკიმ დასძინა, რომ არსებობს კითხვები, რომლებიც შემდეგი შეხვედრისთვის უნდა მომზადდეს.
„წინასწარ ვთქვით, რომ გუნდები კვირას კვლავ შეხვდებოდნენ ერთმანეთს. კარგი იქნება, თუ ამ შეხვედრას დავაჩქარებთ. უკრაინა მაქსიმალურად მომზადებული იქნება ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც განხილვასა და შეთანხმებას საჭიროებს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა ყოველთვის იყო და იქნება მშვიდობის მხარეს და ამ ომის ერთადერთი მიზეზი რუსეთია.
„ჩვენ დიპლომატიის რეალური შედეგები გვჭირდება. იმისათვის, რომ არ შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ რუსები მოლაპარაკებების პროცესს ძალიან ცინიკური და დაუნდობელი მიზნით იყენებენ - რუსეთზე ზეწოლის ახალი ზომების გადადებისთვის, რომლებიც შეიძლებოდა ეფექტური ყოფილიყო. ზეწოლა კი აუცილებელია,“ - აღნიშნა ზელენსკიმ.