შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რეპორტიორებთან საუბრისას განაცხადა, რომ შეერთებული შტატების „არმადა“ ირანისკენ მიემართება.
ტრამპის თქმით, იგი იმედოვნებს, რომ აშშ-ს არმადის გამოყენება არ მოუწევს, რადგან მან ირანი არაერთხელ გააფრთხილა ირანში დემონსტრანტების მკვლელობასა და ბირთვული პროგრამის განახლების თაობაზე.
"ბევრი ჩვენი ხომალდი ამ მიმართულებით მიდის, ყოველი შემთხვევისთვის... მირჩევნია არაფერი მოხდეს, მარამ ჩვენ ძალიან დიდი ყურადღებით ვაკვირდებით", - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს Air Force One-ის ბორტზე, შვეიცარიის ქალაქ დავოსში გამოსვლის შემდეგ შეერთებულ შტატებში დაბრუნებისას.
"ჩვენ გვყავს არმადა... რომელიც ამ მიმართულებით მიემართება და შესაძლოა მისი გამოყენება არ დაგვჭირდეს", - დასძინა მან.
ცოტა ხნით ადრე, ცნობილი გახდა, რომ ატომური ავიამზიდი USS Abraham Lincoln რამდენიმე გამანადგურებლის თანხლებით უახლოეს დღეებში ახლო აღმოსავლეთში ჩავა.
ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის დაძაბულობა გაიზარდა ბოლო თვეებში ირანში მმართველი რეჟიმის მიერ საპროტესტო აქციების მკაცრი ჩახშობის შემდეგ.