საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა, რომ აშშ ევროპის დასუსტებას ცდილობს“ გრენლანდიისა და დანიის მხარდამჭერი ქვეყნებისთვის ტარიფების დაწესების მუქარის გამო და მოუწოდა ევროპელებს არ აღიარონ უძლიერესის კანონი.
დავოსში გამოსვლისას ემანუელ მაკრონმა გააფრთხილა, რომ შედიან სამყაროში, სადაც უძლიერესის კანონი მოქმედებს და მოუწოდა ევროპას, არ მიიღოს ეს პასიურად.
„ევროპამ უნდა დაიცვას მრავალმხრივი პოლიტიკა, რომელიც ემსახურება ჩვენს ინტერესებს და ყველა იმ ადამიანის ინტერესებს, ვინც უარს ამბობს უხეში ძალისადმი მორჩილებაზე,“ - თქვა მან.
საფრანგეთის ლიდერმა ევროპელებს მოუწოდა, იპოვონ საერთო გადაწყვეტილებები და ჩაერთონ დიალოგში.
მან მაგალითად მოიყვანა დონალდ ტრამპის მუქარაზე საპასუხოდ გრენლანდიაში განხორციელებული ევროპული მისია, ასევე „დიდი შვიდეულის“ ფარგლებში გამართული დისკუსიები.
„ევროპას ძალიან ძლიერი ინსტრუმენტები აქვს და ჩვენ ისინი მაშინ უნდა გამოვიყენოთ, როცა პატივს არ გცემენ და თამაშის წესებს არ იცავენ,“ - განაცხადა მაკრონმა.