საზოგადოება დაახლოებით 13 წელია, ერთსა და იმავე ზღაპრებს ისმენს რაღაც ეფემერულ ოპოზიციურ ერთობებთან დაკავშირებით. ამიტომ ამ ზღაპრებს დიდ ყურადღებას არ მივაქცევდი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მახაშვილს კითხვა დაუსვეს „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებაზე, რომ ახალ ხედვებზე, თამაშის წესებზე შესათანხმებლად სამოქალაქო წრეებსა და პოლიტიკურ ჯგუფებში საუბარი მიმდინარეობს.
„ამდენი წელია, ერთსა და იმავეს საუბრობენ, გავერთიანდეთ, ერთმანეთის ნდობა უნდა მოვიპოვოთ და ასე შემდეგ. მთავარი, რაც ყოველთვის ავიწყდებათ, არის ის, რომ უნდა იმუშაონ არა იმაზე, ერთმანეთს რას დაუმტკიცებენ, ერთმანეთს რაში დაეხმარებიან, არამედ საზოგადოების ნდობაზე. უამრავი ტრაგედია, უბედურება დასცეს ამ ქვეყანას და მოსახლეობას. ამიტომ, მთავარია, საზოგადოებას აუხსნან, ეს ადამიანები პოლიტიკურ სარბიელზე ყოფნას რატომ იმსახურებენ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო პროცესი, სადაც საუბარია ამ ტიპის დანაშაულებრივი პარტიების აკრძალვაზე. ეს პროცესი ძალიან კარგად აჩვენებს, რომ რა კონფიგურაციაშიც არ უნდა გადაეწყონ, რა ფერი, რა სახელიც არ უნდა დაირქვან, იმ ძალიან მნიშვნელოვან წარსულს ვერ ჩამოირეცხავენ“, – აღნიშნა მახაშვილმა.