Bloomberg-ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იმ ქვეყნებს, რომლებსაც სურთ „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანება, წევრობისთვის 1 მილიარდი აშშ დოლარის გადახდას სთხოვს.
აღნიშნულია, რომ პროექტის თანახმად, ტრამპი საბჭოს პირველი თავმჯდომარე გახდება და პირადად განსაზღვრავს, თუ ვის მიიწვევს წევრებად.
გადაწყვეტილებები მიიღება ხმათა უმრავლესობით - თითოეულ წევრ სახელმწიფოს ექნება ერთი ხმა, მაგრამ ყველა გადაწყვეტილებას დასჭირდება თავმჯდომარის თანხმობა.
გამოცემის ცნობით, თითოეული წევრი სახელმწიფო თავის ადგილს ამ წესდების ძალაში შესვლის დღიდან მაქსიმუმ სამი წლის განმავლობაში შეინარჩუნებს, თავმჯდომარის გადაწყვეტილებით მისი გაგრძელების შესაძლებლობით. სამწლიანი შეზღუდვა არ გავრცელდება იმ სახელმწიფოებზე, რომლებიც ქარტიის ძალაში შესვლიდან პირველი წლის განმავლობაში მშვიდობის საბჭოსთვის 1 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ოდენობის ფულად შენატანს განახორციელებენ.
საბჭო შეიქმნა ღაზას სექტორთან დაკავშირებით ტრამპის 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის ზედამხედველობისა და განხორციელების ხელშეწყობისთვის. აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საბჭოს შემადგენლობაში იქნებიან სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი, ჯარედ კუშნერი, დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერი, მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი აჯაი ბანგა და მილიარდერი ინვესტორები რობერტ გაბრიელი და მარკ როუენი.
თეთრმა სახლმა "მშვიდობის საბჭოში" გასაწევრიანებლად თურქეთის, არგენტინის და ეგვიპტის პრეზიდენტები მიიწვია.