ლონდონში, ირანის საელჩოს წინ სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ Sky News ავრცელებს.
მედიის ცნობით, მას შემდეგ, რაც სამართალდამცველებმა აქციაზე მყოფი პირები დააკავეს, მომიტინგეებმა მათი მიმართულებით სხვადასხვა საგნის სროლა დაიწყეს.
დაშავებულებს შორის არიან როგორც აქციის მონაწილეები, ისე სამართალდამცველებიც.
ირანში საპროტესტო აქციები 28 დეკემბრიდან დაიწყო.საპროტესტო მოძრაობის დაწყება მზარდ ინფლაციასა და ეროვნული ვალუტის კოლაფსს მოჰყვა.
უფლებადამცველების განცხადებით, ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციებისას 3 000-ზე მეტი ადამიანია დაღუპული. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. სასტიკი დარბევების შემდეგ ქვეყანაში საპროტეტსო აქციები არ მიმდინარეობს.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანის ხელმძღვანელობას აქციის მონაწილეთა დაგეგმილი ჩამოხრჩობის გაუქმებისთვის მადლობა გადაუხადა.
„ძალიან ვაფასებ იმ ფაქტს, რომ ირანის ხელმძღვანელობამ გააუქმა ყველა დაგეგმილი ჩამოხრჩობა, რომლებიც გუშინ უნდა განხორციელებულიყო (800-ზე მეტი). მადლობა ამისთვის“, – დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა.