ნობელის მშვიდობის პრემია განუყოფლად არის დაკავშირებული მის მიმღებ პირთან ან ორგანიზაციასთან, თუმცა მედალის გადაცემა შესაძლებელია.
როგორც Reuters წერს, ნობელის კომიტეტმა აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც პრემიის ლაურეატმა, ვენესუელის ოპოზიციის ლიდერმა მარია კორინა მაჩადომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მედალი გადასცა.
კომიტეტმა განმარტა, რომ მაჩადომ, მედალთან ერთად, დიპლომი და 11 მილიონი შვედური კრონი (1.19 მილიონი დოლარი) მიიღო.
„მიუხედავად იმისა, თუ რა შეიძლება დაემართოს მედალს, დიპლომს ან ფულად პრიზს, ისტორიაში ჯილდოს მიმღებად სწორედ პირველი ლაურეატი შევა“, - აღნიშნეს ორგანიზაციაში.
კომიტეტში აღნიშნავენ, რომ ნობელის ფონდის წესდება არ შეიცავს შეზღუდვებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა შეუძლია გააკეთოს ლაურეატმა მედლით, დიპლომით ან ფულით, რაც ნიშნავს, რომ „ლაურეატს შეუძლია შეინახოს, გააჩუქოს, გაყიდოს ან შესწიროს ეს ნივთები“.
დაჯილდოების კომიტეტის განცხადებით, მედალი და დიპლომი ფიზიკური სიმბოლოებია, რომლებიც ადასტურებს, რომ პირს ან ორგანიზაციას პრიზი მიენიჭა.
„თავად პრიზი - პატივი და აღიარება - განუყოფლად არის დაკავშირებული იმ პირთან ან ორგანიზაციასთან, რომელიც ნორვეგიის ნობელის კომიტეტმა ლაურეატად აირჩია“, - ნათქვამია განცხადებაში.
კომიტეტმა, ასევე განაცხადა, რომ კომენტარს არ აკეთებს ლაურეატის განცხადებებზე, გადაწყვეტილებებზე ან ქმედებებზე ჯილდოს გამოცხადების შემდეგ.
გამოცემამ აღნიშნა, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ნობელის პრემიის ლაურეატი თავის მედალს სხვას გადასცემს.
1943 წელს ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატმა კნუტ ჰამსუნმა თავისი პრემია ნაცისტური პროპაგანდის მინისტრ იოზეფ გებელსს გადასცა.
2022 წელს ნობელის პრემიის ლაურეატმა დმიტრი მურატოვმა თავისი მედალი 100 მილიონ დოლარად გაყიდა, რათა გაერო-ს ბავშვთა ფონდისთვის (UNICEF) თანხები შეეგროვებინა უკრაინელი ლტოლვილი ბავშვების დასახმარებლად, ხოლო 2024 წელს გაერო-ს ყოფილი გენერალური მდივნის, კოფი ანანის ქვრივმა, 2001 წელს მიღებული ნობელის პრემიის მედალი და დიპლომი გაერო-ს ჟენევის ოფისს გადასცა.