ჩეხეთის პრეზიდენტი პეტრ პაველი კიევში პარასკევს, 16 იანვარს ჩავიდა.
ამის შესახებ თავის წერილში Х-ზე წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრიი სიბიჰა, რომელიც პაველს სადგურზე დახვდა.
ჩეხეთის პრეზიდენტი ლვოვის შემდეგ უკრაინის დედაქალაქს ეწვია.
„დღეს დილით მქონდა პატივი, კიევში მივსალმებოდი პრეზიდენტ პაველს. მოუთმენლად ველით პრეზიდენტ ზელენსკისთან ნაყოფიერ მოლაპარაკებებს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობისა და სამშვიდობო ძალისხმევის განვითარების შესახებ“, - აღნიშნა სიბიჰამ.
ლვოვში ჩეხეთის პრეზიდენტმა შეხვედრები გამართა უკრაინის ოფიციალურ პირებთან.
ვიზიტის დროს მან უკრაინისთვის „პირდაპირი და მკაფიო“ მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
პაველმა ასევე მოინახულა ლვოვის რეგიონალური საავადმყოფო ომის ვეტერანებისა და რეპრესირებულთათვის, რომელიც ჩეხეთის დაფინანსებით გარემონტდა.