საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი კრისტალინა გეორგიევა დღეს დილით კიევში მაღალი დონის მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა. ამის შესახებ Reuters იუწყება.
სააგენტოს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი შეხვდება პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, პრემიერ-მინისტრ იულია სვირიდენკოს, ცენტრალური ბანკის გუბერნატორ ანდრიი პიშნის, ასევე ბიზნესლიდერებს.
Reuters აღნიშნავს, რომ გეორგიევას უკრაინაში ვიზიტის დეტალები უსაფრთხოების მიზნით გასაიდუმლოებული იყო.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი ქვეყანას ბოლოს 2023 წლის თებერვალში ეწვია.
ნოემბერში უკრაინამ და სავალუტო ფონდმა წინასწარი შეთანხმებას მიაღწიეს ოთხწლიან, 8.2 მილიარდი დოლარის ოდენობის სესხების პროგრამაზე, რომელიც დამოკიდებულია რამდენიმე ქმედებაზე, მათ შორის ბიუჯეტის დამტკიცებასა და დონორების დაფინანსების გარანტიების მხარდაჭერაზე.
სავალუტო ფონდის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ უკრაინამ პროგრესს მიაღწია და ელიან, რომ საკითხს მისი საბჭო რამდენიმე კვირაში განიხილავს.