13 იანვრის დილით, რუსეთის როსტოვის ოლქის გუბერნატორმა რეგიონზე დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა. აფეთქებების ხმა ტაგანროგშიც ისმოდა. რუსული ტელეგრამ-არხების ცნობით, თავდასხმის სამიზნე იყო ქარხანა „ატლანტ აერო“, რომელიც საბრძოლო დრონების კომპონენტებს აწარმოებს, ასევე თვითმფრინავების შემკეთებელი ქარხანა.
„ატლანტ აეროს“ წარმოება ფოკუსირებულია Orion-ის ტიპის დრონებისა და უპილოტო საფრენი აპარატების შემუშავებაზე. კომპანია ასევე აწარმოებს საბრძოლო დრონების, მართვის სისტემებისა და ელექტრონული ომის სისტემების კომპონენტებს.
როსტოვის ოლქის გუბერნატორის იური სლიუსარის მტკიცებით, ტაგანროგისა და კრასნოსულისკის რაიონის თავზე შვიდი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. მისივე თქმით, „ტაგანროგში სამრეწველო ობიექტი დაზიანდა“.
დრონით თავდასხმის შესახებ განაცხადა ლიპეცკის ოლქის გუბერნატორმა იგორ არტამონოვმაც. მისი თქმით, დრონით თავდასხმის სამიზნე ქალაქი იელეცი იყო. მისივე თქმით, ნანგრევების ჩაცვენის შედეგად ქალაქში ხანძარი გაჩნდა.