საფრანგეთმა ირანიდან დიპლომატების ევაკუაცია დაიწყო.
უსაფრთხოების ძალების მიერ საპროტესტო აქციების სასტიკი დარბევისა და კომუნიკაციების სრული გათიშვის ფონზე, საელჩოს არასაჭირო პერსონალმა ქვეყანა დატოვა. ინფორმაციას AFP ავრცელებს.
წყაროების ცნობით, ფრანგმა დიპლომატებმა ქვეყანა კვირას და ორშაბათს (11-12 იანვარს) დატოვეს.
ევაკუირებულთა ზუსტი რაოდენობა არ გახმაურებულა, თუმცა თეირანში მდებარე საელჩოში, დაახლოებით 30 ადამიანი მუშაობს.
გამოცემის შეკითხვის პასუხად, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ საელჩომ განახორციელა „მისიის რეორგანიზაცია, რათა მას შეეძლო თავისი მოვალეობების შესრულება არსებულ ვითარებაში“.
„ელჩი და კრიტიკული ჯგუფი ადგილზე რჩებიან, რათა დახმარება გაუწიონ ირანში ჩარჩენილ მოქალაქეებს“, - განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
პერსონალის ევაკუაციის გადაწყვეტილება ძალადობის სწრაფად მზარდი დონის გამო მიიღეს.
აიათოლას რეჟიმის უსაფრთხოების ძალები მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ცეცხლსასროლ იარაღს იყენებენ.
ირანის უფლებადამცველმა ორგანიზაცია Iran Human Rights-მა (IHR) დაადასტურა 648 ადამიანის, მათ შორის ცხრა ბავშვის, დაღუპვის ფაქტი.
ამავდროულად, ადამიანის უფლებათა დამცველები აცხადებენ, რომ მსხვერპლთა რეალურმა რაოდენობამ შესაძლოა 6 ათას ადამიანს გადააჭარბოს.