ლეგიტიმაცია, ეს არის ის ჯადოსნური რამ, რის გარეშეც ნებისმიერ პოლიტიკურ ჯგუფს ხელისუფლების შენარჩუნება მხოლოდ ხიშტებით უწევს და ყოველი დღე, მის მძიმე პოლიტიკურ დასასრულს აახლოვებს, - ამის შესახებ პარტია "თავისუფლების მოედნის" ლიდწერი ლევან ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ცუქირიძე აღნიშნავს, "ქართულ ოცნებას" აუცილებლად მოუწევს ხელისუფლებიდან წასვლა: თუ როგორ, ამის არჩევანი ჯერ კიდევ აქვთ, მაგრამ უკეთესი არჩევანის გასაკეთებელი დრო სწრაფად იწურება.
"ლეგიტიმაცია
ლეგიტიმაცია
ეს არის ის ჯადოსნური რამ, რის გარეშეც ნებისმიერ პოლიტიკურ ჯგუფს ხელისუფლების შენარჩუნება მხოლოდ ხიშტებით უწევს და ყოველი დღე, რომელიც გადის, აახლოვებს მის მძიმე პოლიტიკურ დასასრულს. ეს მოხდა ვენესუელაში, სადაც როგორც ჩანს, არც არმიამ, არც უსაფრთხოებამ და მით უმეტეს, არც ხალხმა, დიდად თავი აღარ გამოიდო მადუროს გადასარჩენად და ეს ხდება ირანშიც.
ივანიშვილის პარტიას საქართველოში ლეგიტიმაციის სამმაგი კრიზისი აქვს:
1: მას დაკარგული აქვს სახალხო ლეგიტიმაცია - მიტაცებული არჩევნების გამო;
2: მას დაკარგული აქვს საერთაშორისო ლეგიტიმაცია - არჩევნების მოპარვის, ევროპელი და ამერიკელი მეგობრების შეურაცხყოფისა და მათთან შეთანხმებების დარღვევის გამო;
3: და ბოლოს, მას დაკარგული აქვს მთავარი - მორალური ლეგიტიმაცია, იმ სასტიკი ძალადობის, უგულო პოლიტიკისა და ადამიანების უსამართლოდ დატყვევების გამო რაც გასული წლიდან მოყოლებული ჩაიდინა.
ყოველი დღე, რომელიც გადის, მათაც მძიმე პოლიტიკურ დასასრულთან აახლოვებს. ლეგიტიმაციის რაღაც დოზით აღდგენის გარეშე - რუსი ინსტრუქტორებისა და ჯალათების იმედად დიდად ვერ იქნებიან, დიდხანს მითუმეტეს.
ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და მათ აუცილებლად მოუწევთ არჩევნების დანიშვნა. საბოლოოდ, აუცილებლად მოუწევთ ხელისუფლებიდან წასვლა: თუ როგორ, ამის არჩევანი ჯერ კიდევ აქვთ, მაგრამ უკეთესი არჩევანის გასაკეთებელი დრო სწრაფად იწურება.
ჩვენი ბრძოლა აუცილებლად მივა მის ლოგიკურ დასასრულამდე: საქართველოში სამართლიანობისა აღდგენასა და ხალხის წინაშე ანგარიშვალდებული მთავრობის ჩამოყალიბებამდე. მანამდე კი ჩვენ არ ველოდებით სასწაულებს: წინ გვაქვს შრომა და ბრძოლა, მაგრამ ეს ყველაფერი ამად ღირს", - წერს ცუცქირიძე.