აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა პემ ბონდიმ განაცხადა, რომ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი კიდევ რამდენიმე გემს აკვირდება მას შემდეგ, რაც სანაპირო დაცვამ ატლანტის ოკეანეში რუსული დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი Marinera დააკავა.
„იუსტიციის დეპარტამენტი აკვირდება რამდენიმე სხვა გემს მსგავსი აღსრულების ზომების მისაღებად - ნებისმიერ გემზე მყოფი ნებისმიერი პირი, რომელიც არ დაემორჩილება სანაპირო დაცვის ან სხვა ფედერალური ოფიცრების მოთხოვნას, კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება“, - დაწერა ბონდიმ X-ზე.
მან ასევე განმარტა, რომ „სანაპირო დაცვის ბრძანებების შეუსრულებლობის“ გამო, ტანკერ Marinera-ს ეკიპაჟის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო და „მომავალში სისხლის სამართლის ბრალდებებს წაუყენებენ“.
შეგახსენებთ, აშშ-მა ვენესუელასთან დაკავშირებული რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერი ატლანტის ოკეანეში გუშინ დააკავა.
Mirror -სა და Daily Mail-ის ცნობით, გემი ამჟამად ბრიტანეთის ტერიტორიული წყლებისკენ მიემართება.
თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ნავთობტანკერ Marinera-სეკიპაჟი შეერთებული შტატების ფედერალური სასამართლოს წინაშე წარსდგება.
„გემი ფედერალური ორდერის შესაბამისად დააკავეს და მისი ეკიპაჟი ამჟამად ნებისმიერი მოქმედი ფედერალური კანონის დარღვევისთვის სისხლისსამართლებრივ დევნას ექვემდებარება და საჭიროების შემთხვევაში, სასამართლოში შეერთებულ შტატებში გადაიყვანენ“, - განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა ქეროლაინ ლევიტმა.