ვენესუელის შინაგან საქმეთა მინისტრის, დიოსდადო კაბელოს განცხადებით, ქვეყანაში აშშ-ის სამხედრო ოპერაციის შედეგად სულ მცირე 100 ადამიანი დაიღუპა.
„ამ დროისთვის 100 ადამიანი დაიღუპა და დაახლოებით ამდენივე დაიჭრა. დაღუპულთა შორის იყვნენ ადამიანები, რომლებსაც კონფლიქტთან კავშირი არ ჰქონიათ, მშვიდობიანი მოქალაქეები, ქალები, რომლებიც საკუთარ სახლებში იმყოფებოდნენ. ისინი დაშავდნენ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგი გაშვებული მძლავრი ბომბების შედეგად“, - განაცხადა მინისტრმა.
კუბის მთავრობამ 5 იანვარს განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ვენესუელაში აშშ-ის ოპერაციის დროს კუბის 32 მოქალაქე დაიღუპა.
ყველა მათგანი კუბის შეიარაღებული და სადაზვერვო სამსახურების წევრი იყო და ნიკოლას მადუროს იცავდა.
აშშ-ის ხელისუფლების შეფასებით, მადუროს დაკავების ოპერაციის დროს დაახლოებით 75 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ათობით ადამიანი კარაკასში, მისი რეზიდენციის გარეთ მომხდარი სროლის დროს.
შეგახსენებთ. 3 იანვარს შეერთებულმა შტატებმა ვენესუელაში ოპერაცია ჩაატარა და კარაკასში სხვადასხვა სამიზნეზე საჰაერო დარტყმები განახორციელა. შედეგად, ამერიკის სპეციალურმა დანაყოფებმა ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო და მისი მეუღლე, სილია ფლორესი, ქვეყნიდან გაიყვანეს. ისინი ნიუ იორკში გადაიყვანეს, სადაც სასამართლოს წინაშე წარდგნენ.
მათ ბრალი წაუყენეს ნარკო-ტერორისტულ შეთქმულებაში, კოკაინის იმპორტის შეთქმულებაში, ტყვიამფრქვევებისა და დესტრუქციული მოწყობილობების შენახვაში, ასევე ტყვიამფრქვევებისა და დესტრუქციული მოწყობილობების ფლობაში შეერთებული შტატების წინააღმდეგ. მადურო და მისი ცოლი დანაშაულს არ აღიარებენ.