აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მხოლოდ მისი წყალობით დაიწყეს ნატო-ს სხვა მოკავშირეებმა თავდაცვაში მეტი ინვესტიციის ჩადება, რომ მისი მონაწილეობის გარეშე „რუსეთი დიდი ხნის წინ დაიპყრობდა უკრაინას“ და რომ მხოლოდ შეერთებული შტატების და მისი წყალობით ითვალისწინებენ რუსეთი და ჩინეთი ნატო-ს. ამის შესახებ ტრამპმა Truth Social-ში დაწერა.
აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მის პრეზიდენტობამდე ნატო-ს წევრების უმეტესობა თავდაცვაზე მშპ-ს 2%-ს ან ნაკლებს ხარჯავდა, ხოლო აშშ „სულელებივით იხდიდა მათ ხარჯებს“ და მისი წყალობით, ხარჯების ზღვარი 5%-მდე გაიზარდა და ყველა სწრაფად დაეთანხმა ამას, თუმცა ადრე ეს შეუძლებელი ჩანდა.
„ჩემი მონაწილეობის გარეშე, რუსეთი ახლა მთელ უკრაინას გააკონტროლებდა. ასევე გახსოვდეთ, რომ მე მარტო დავასრულე რვა ომი და ნორვეგიამ, ნატო-ს წევრმა, სულელურად გადაწყვიტა, რომ არ მოეცა ჩემთვის ნობელის პრემია მშვიდობის დარგში. მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, რომ მილიონობით სიცოცხლე გადავარჩინე.
რუსეთსა და ჩინეთს ნატო-ს არანაირი შიში არ აქვთ შეერთებული შტატების გარეშე და მეეჭვება, ნატო დაგვეხმაროს, თუ ეს ნამდვილად დაგვჭირდება“, - განაცხადა ტრამპმა.
ტრამპმა აღნიშნა, რომ მან „საბედნიეროდ, აღადგინა ამერიკული სამხედრო ძალები“ პირველივე ვადაში და პირობა დადო, რომ გააგრძელებს მის გაძლიერებას.
„ჩვენ ყოველთვის მხარში დავუდგებით ნატო-ს, მაშინაც კი თუ ისინი არ იქნებიან მზად დაგვიჭირონ მხარი. ერთადერთი სახელმწიფო, რომლისაც ჩინეთს და რუსეთს ეშინიათ და პატივს სცემენ, არის შეერთებული შტატები, რომელიც ტრამპმა ააღორძინა“, -წერს ტრამპი.